თვითმმართველობის მოხელეები არჩევნების შემდეგ მოვალეობის დროებით შესრულების რეჟიმში აღარ გადავლენ
15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოთა მოხელეების უმეტესობა სამსახურებს შეინარჩუნებს, ვინაიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უქმდება ის გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ ყველა მოხელე მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა, ხოლო მათი ადგილები კონკურსის გზით უნდა შევსებულიყო.
ეს დროებითი დებულება, რომელიც პარლამენტმა თებერვლის დასაწყისში თვითმმართველობის ახალ კოდექსთან ერთიან პაკეტში მიიღო, ადგილობრივი არასამთავრობო და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის თემა გახდა. ეს ნორმა სახალხო დამცველმა, ასევე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ და თბილისის მერიის თანამშრომლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
თუმცა, ამ ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკან წაიღოს მის მიერ თავდაპირველად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოთა მოხელეების სამსახურებიდან მასიური დათხოვნის შესაძლებლობას ქმნიდა.
როგორც ცვლილების ინიციატორმა, ქართული ოცნების დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა 14 მაისს პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის დროს განმარტა, თავდაპირველი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ სავალდებულო რეორგანიზაციით, რომელიც არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ახალი საშტატო განრიგის ამოქმედებას მოყვება. თუმცა, მისი თქმით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს მიზანი ადგილობრივი კადრების შენარჩუნების და კვალიფიკაციის შეფასების მექანიზმის გამოყენებით იქნას მიღწეული.
კანონპროექტს პარლამენტმა 14 მაისს პირველი მოსმენით უყარა კენჭი და სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირაში საბოლოოდ დაამტკიცებს.