ცხინვალმა 17 დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს 17 მოქალაქე, რომლებიც როგორც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აცხადებს, „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს, დღეს გაათავისუფლეს.

2 მაისის შემდეგ საქართველოს 26 მოქალაქე იქნა ხუთ ცალკეულ შემთხვევაში დაკავებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან; მათი უმეტესობა საჩხერის რაიონის მკვიდრები არიან და ყველა მათგანი ჯონჯოლის კრეფის დროს დააკავეს. ზოგიერთი მათგანი კვირის დასაწყისში გაათავისუფლეს.

„საზღვრის დარღვევის“ მოტივით დაკავებულებს მას შემდეგ ათავისუფლებენ, რაც ცხინვალის სასამართლო მათ 2 000 რუბლით აჯარიმებს. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს 17 მოქალაქე დაჯარიმების გარეშე გაათავისუფლეს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმა საქართველოს 17 მოქალაქის გათავისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ ჯონჯოლის შემგროვებელთა მდგომარეობა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და მომავალში ასეთ დაკავებებს ადგილი აღარ ექნება.

14 მაისს დაკავების ახალი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულ იქნა დუშეთის რაიონის მკვიდრი მწყემსი.