რასმუსენი: ‘საქართველოს პროგრესი ნატოს სამიტზე სათანადოდ უნდა აისახოს’
საქართველოს „შესანიშნავი პროგრესი“ სათანადოდ უნდა აისახოს სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე, მაგრამ ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ეს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 15 მაისს ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე.
როდესაც მას აუდიტორიიდან ჰკითხეს, შესთავაზებს თუ არა ნატო საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) მომავალ სამიტზე, რასმუსენმა უპასუხა: „ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ჩვენი ღია კარის პოლიტიკას სამიტზე, მაგრამ ცოტა ადრეა იმის თქმა, თუ ზუსტად როგორ გავაკეთებთ ამას“.
„ჩემი შეხედულება ასეთია, რომ საქართველომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწია, განახორციელა რეფორმები, ჩაატარა სამაგალითო არჩევნები, წვლილი შეიტანა ავღანეთში ნატოს ოპერაციაში, მან ბევრი რამ გააკეთა თავსებადობის გასაუმჯობესებლად; ამრიგად, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი სათანადოდ უნდა აისახოს სამიტზე, მაგრამ ზუსტად როგორ, ჯერ ცოტა ადრეა ამის თქმა“, – დასძინა მან.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებაზე
იგივე ფორუმის GLOBSEC 2014-ის ცალკე პანელზე გამოსვლისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP–ი ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტზე უნდა შეეთავაზებინა.
„ზოგჯერ… ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ თუ ჩვენ რამეს ვაკეთებთ, ეს პროვოკაციულია… ეს საპირისპირო რეაქციას იწვევს და არ იქნება სასარგებლო. ჩემი აზრია, რომ არაფრის კეთებით ჩვენ პროვოცირებას ვახდენთ“, – განაცხადა მან.
კითხვაზე შესთავაზებს თუ არა ნატო MAP–ს ახლა, ლინკევიჩიუსმა უპასუხა: „თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, მათ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ – ყველა მექანიზმი, უკუკავშირის მექანიზმი, ნატო–საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც იგივეა რაც MAP–ი; მათ ის დაპირებაც კი აქვთ, რომ გახდებიან ნატოს წევრები“.
„ასე რომ, ჩემი შეხედულება ასეთია, რომ მათ ყველა ბერკეტი აქვთ; მათ მხოლოდ სჭირდებათ – რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის – პოლიტიკური გადაწყვეტილება და ესეც მოვა, მაგრამ ისინი მზად უნდა იყვნენ იმ დროისთვის, როდესაც ეს მოვა და ვიმედოვნებ, რომ ისინი მზად იქნებიან“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა საქართველოსთვის MAP–ის მინიჭებაზე უარი განაცხადეს. 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ასევე ამბობს, რომ MAP-ი უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი საქართველოსთვის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. MAP–ის ეტაპის გავლის აუცილებლობაზე ასევეა მითითებული საქართველოს შესახებ ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებებში. თბილისის სურვილია, რომ MAP–ი ნატოს უელსის სამიტზე მიიღოს, მაგრამ ამ საკითხზე ალიანსის შიგნით კონსენსუსი არ არსებობს.
ლავროვი: ახლანდელი კრიზისი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით დაიწყო
მიმდინარე კვირას Bloomberg–თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა უკრაინის კრიზისზე საუბრისას, რომ “ამ ქვეყნის ნატოში შეყვანის მცდელობები ძალიან ნეგატიური იქნება ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის“.
„ამჟამინდელი კრიზისი 2008 წლის აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტის დროს დაითესა, როდესაც ნატოს ლიდერებმა განაცხადეს დეკლარაციაში, რომ საქართველო და უკრაინა იქნებიან ნატოში“, – განაცხადა ლავროვმა.
„რამდენიმე თვის შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა, რომელმაც ეს ძალიან ემოციურად მიიღო თავისი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ მან ნებართვა მიიღო, რომ დაეპყრო საკუთარი ხალხი და ძალით გადაეწყვიტა კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში. იგი ნატოს ამ დაპირებით იყო მოტივირებული. სხვათა შორის, როგორც ახლა უკრაინაში ხდება, სააკაშვილმა მალევე ამის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომის გმირების მონუმენტების განადგურება. ნეოფაშისტური ტენდენცია თვალნათლივ ჩანს ნატოში მიწვევის კონტექსტში და იმათი პოლიტიკის კონტექსტში, ვისაც სჯერა, რომ უკრაინა უნდა გაწევრიანდეს ნატოში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.