თბილისის მერობის თოთხმეტმა მსურველმა წარადგინა განაცხადები

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერად კენჭისყრისთვის თოთხმეტმა პირმა წარადგინა განაცხადები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანის ვადა 16 მაისს საღამოს ამოიწურა.

ათი მათგანი უკვე დარეგისტრირდა კანდიდატად და ცესკოს კიდევ რამდენიმე დღე დარჩა დანარჩენი ოთხი პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების  მისაღებად.

კანდიდატებად დარეგისტრირებულებს შორის არიან: რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი დავით ნარმანია კოალიცია ქართული ოცნებიდან; ნინო ბურჯანაძის კოალიციის მიერ დასახელებული დავით ლორთქიფანიძე; ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციაში" გაერთიანებული ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს მიერ წარდგენილი კახა კუკავა; მწვანეთა პარტიის ლიდერი, დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა; ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე.

ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული ნიკა მელია ჯერ ცესკოს არ დაურეგისტრირებია კანდიდატად, ისევე როგორც დანარჩენი სამი პირი: მედია საშუალება „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც საქართველოს პატრიორთა ალიანსმა დაასახელა; მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პარტიამ „საქართველოს გზა“ წარადგინა; და სერგო ჯავახიძე, რომელიც ორი პატარა პარტიისგან შემდგარი  საარჩევნო ბლოკის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ კანდიდატია. ჯავახიძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.13% მიიღო.

დანარჩენი კანდიდატები არიან: მიხეილ სალუაშვილი, რომელიც კავშირმა „ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ წარადგინა და რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.08% მიიღო; მერაბ კოსტავას საზოგადოების მიერ წარდგენილი გიორგი ლილუაშვილი, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.12% მიიღო; გიორგი ლაღიძე პარტია „მომავალი საქართველოს“ სახელით იყრის კენჭს; ის 2010 წელს თბილისის მერის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს და ხმების 0.14% მიიღო; საქართველოს მშრომელთა საბჭოს მიერ დასახელებული როინ ლიპარტელიანი და ირაკლი ღლონტი პარტია „რეფორმატორებიდან“.     

კანდიდატმა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოიპოვოს, რათა პირველივე ტურში გამოცხადდეს გამარჯვებულად და მეორე ტურის გამართვა აღარ იყოს საჭირო.