პარლამენტში კვორუმის უქონლობის გამო კენჭისყრა ვერ გაიმართა

პარლამენტმა პარასკევს საღამოს რამდენიმე კანონპროექტს კენჭი ვერ უყარა, რადგანაც 150–წევრიან პარლამენტში კვორუმისთვის საჭირო 76 დეპუტატის მობილიზება ვერ მოხერხდა.

სხვა კანონპროექტებთან ერთად პარლამენტს პირველი მოსმენით უნდა მიეღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობის მიერ მოსმენების განხორციელებაზე დამატებით კონტროლის მექანიზმებს ითვალისწინებს; თუმცა, კანონპროექტით 2014 წლის 1 ნოემბრამდე იდება იმ საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირება, თუ რომელ სუბიექტს ექნება პირდაპირი წვდომა  სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე.

პარლამენტს ასევე მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა მიეღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც გაუქმდებოდა ის გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვითაც 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ყველა მოხელე მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა, ხოლო მათი ადგილები კონკურსის გზით უნდა შევსებულიყო.

დეპუტატების რეგისტრაციამ, რაც წინ უძღვის ელექტრონულ კენჭისყრას, აჩვენა, რომ სხდომათა დარბაზში მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა, მაშინ როცა კვორუმისთვის 76 დეპუტატია საჭირო.

პარლამენტი 15 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებით ერთთვიან შვებულებაში უნდა წასულიყო, თუმცა რადგანაც პარასკევს რამდენიმე კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირას შესაძლოა ისევ შეიკრიბოს.