დარიალის ხეობაში მთის მასივი ჩამოიშალა
დარიალის ხეობაში მდინარე თერგზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სიახლოვეს, რუსეთის საზღვართან, 17 მაისს მთის ფერდობის ჩამოშლამ ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის შესახებ, რადგანაც ჩამოშლილი მთის ქვეშ შესაძლოა რამდენიმე სატვირთო მანქანა იყოს მოყოლილი; თუმცა, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაშველებმა დარიალჰესის მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მოქალაქე გამოიყვანეს.
ამავე ინფორმაციით, ცამეტივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ამოსაყვანად.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც სომხეთს საქართველოს გავლით რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა.
განადგურდა საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის შედეგადაც იქ ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გზის გარკვეული მონაკვეთი წყლითაც არის დაფარული, რადგან მიწის დიდმა მასამ მდინარე თერგის კალაპოტი ჩახერგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებს კავშირი აქვთ ქართველ კოლეგებთან.
„ხორციელდება საჭირო კოორდინაციის და ურთიერთქმედების ორგანიზება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
დარიალის ხეობაში უკვე ჩავიდნენ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მთის ჩამოშლა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მეწყერს სავარაუდოდ შემდგომი დებატები მოყვება დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობის თაობაზე, რასაც გარემოსდამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ.