პრემიერ-მინისტრი რუსეთს მადლობას უხდის დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამო შეთავაზებული დახმარებისთვის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთს დარიალის ხეობაში მეწყრის შედეგების ლიკვიდაციისთვის  „ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით დახმარების“ შემოთავაზების გამო.

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაკარგულად ითვლება რუსეთის საზღვართან ახლოს მთის მასივის ჩამოშლის შედეგად, რამაც ასევე გაანადგურა საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი და დააზიანა გაზსადენი, რომლითაც რუსული გაზი საქართველოს გავლით სომხეთს მიეწოდებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 19 მაისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ „შექმნილ რთულ ვითარებაში“ რუსულმა მხარემ „ოპერატიულად გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის“. მან ასევე მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციათა შტაბს და ქართველ მაშველებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებს კავშირი აქვთ ქართველ კოლეგებთან. „ხორციელდება საჭირო კოორდინაციის და ურთიერთქმედების ორგანიზება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. 

"თუკი რაიმე იქნება საჭირო, ბუნებრივია, ჩვენ ყველა ქვეყანას, პარტნიორ ქვეყნებს მივმართავთ ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით", – განუცხადა ჟურნალისტებს 19 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.