მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება
ვერტმფრენიდან გადაღებულ ინტერპრესნიუსის ფოტოზე ჩანს მეწყერში მოყოლილი სატვირთო მანქანები, 18 მაისი, 2014 წელი.
უკრაინის მოქალაქე დაიღუპა და სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება რუსეთთან საზღვრის მახლობლად დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, რის შედეგადაც ასევე ჩაიკეტა ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს და რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე და დაზიანდა გაზსადენი, რომლითაც რუსული გაზი სომხეთს მიეწოდება.
მეწყერმა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგების თქმით, დევდორაკის მყინვარიდან წარმოიშვა მყინვარწვერის ჩრდილოაღმოსავლეთ ფერდობზე, შაბათს დილით მდინარე თერგის ხეობა ჩახერგა. მდინარე თერგის გასწვრივ გადის გზა, რომელსაც ადრე საქართველოს სამხედრო გზა ერქვა და რომელიც ყაზბეგი–ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტს უკავშირდება.
მეწყერმა რუსეთისკენ მიმავალი რამდენიმე სატვირთო მანქანა დააზიანა, ხოლო რამდენიმე მიწის მასაში მთლიანად მოყვა.
მაშველებმა შაბათს რამდენიმე პირი სატვირთო მანქანებიდან ცოცხლად გამოიყვანეს. ერთი მძღოლი, 35 წლის უკრაინის მოქალაქე, მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში ამოიყვანეს მეწყერის ჩამოწოლიდან დაახლოებით შვიდ საათში; იგი ვეტმფრენით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ექიმმა განაცხადა, მძიმე დაზიანებების გამო ის კვირას დილით გარდაიცვალა.
მთავრობის სახელმწიფოს უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ კვირას საღამოს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მეწყერის ქვეშ კვლავ მოყოლილია სამი სატვირთო მანქანა.
მასიურმა მეწყერმა მდინარე თერგის კალაპოტი ჩახერგა, საქართველოს და რუსეთის დამაკავშირებელი გზის ნაწილი გაანადგურა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, 17 მაისი, 2014. ფოტო: ინტერპრესნიუსი
ამავე პრესრელიზის თანახმად, ინფორმაცია, რომ მეწყერში 3 სატვირთო ავტომობილია მოყოლი, „დაუდასტურებელია“. საბჭომ ასევე განაცხადა, რომ „ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 7 პიროვნება“.
მეწყერის ადგილი დარიალჰესის მშენებლობის ადგილის სიახლოვეს მდებარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის სადერივაციო გვირაბში მოყოლილი 12 მუშა შაბათს გადაარჩინეს; ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა.
თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი – ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია – კვლავ რჩება სადერივაციო გვირაბში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ოფიციალური პირების თქმით, შაბათს არსებობდა იმის საშიშროება, რომ დაგუბებული მდინარე ჯებირს გაარღვევდა, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა მის გზაზე არსებულ ნაგებობებს, მათ შორის ყაზბეგი–ლარსის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტს და შესაძლოა რუსეთის ტერიტორიასაც მიწვდომოდა ზიანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა შაბათს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებს კავშირი აქვთ ქართველ კოლეგებთან. „ხორციელდება საჭირო კოორდინაციის და ურთიერთქმედების ორგანიზება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
მოგვიანებით შაბათს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მდინარე თერგის მიერ ჯებირის გარღვევის საფრთხე შემცირდა, რადგანაც წყლის დონის შემცირება დარიალჰესისთვის აშენებული მილსადენებით წყლის ნაკადის გატარების გზით მოხერხდა.
ტრაქტორებით მდინარე თერგის კალაპოტს წმენდენ,18 მაისი, 2014 წელი. ფოტო: ინტერპრესნიუსი
„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები დაკარგული პირების მოსაძებნად, რასაც ართულებს წყლის მაღალი დონე და ჩამოწოლილი მეწყერის დიდი მასა“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ კვირას საღამოს.
ვინაიდან გზა ჩაკეტილია, ერთადერთი საშუალება დარიალის ხეობაში მისასვლელად ყაზბეგი–ზემო ლარის სასაზღვრო პუნქტთან არის ვერტმფრენი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო–გამშვები პუნქტის და მისი ახლომდებარე ტერიტორიებიდან დაახლოებით 150 ადამიანის, ძირითადად მებაჟეების, მესაზღვრეების და პოლიციელების, ასევე რამდენიმე უცხოელი მოქალაქის, რომლებიც სატვირთო მანქანების მძღოლები არიან, ვერტმფრენით ევაკუაცია განხორციელდა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენიც დაზიანდა, რის შედეგადაც სომხეთს საქართველოს გავლით რუსული გაზის მიწოდება შეუწყდა.
კვირას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ეთქვათ, რა დრო დასჭირდება წყლის დონის შემცირებას და გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას. ეს გზა სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც მას რუსეთთან საქართველოს გავლით აკავშირებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ განაცხადა კვირას, რომ „24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები“.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
მანამდე შაბათს, როდესაც ინციდენტის დეტალები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მასიურმა მეწყერმა, რომელიც მაშინ მთის მოწყვეტად მოიხსენიეს, სპეკულაციები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება დარიალჰესის მშენებლობა ყოფილიყო.
ამ და კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ლარსიჰესის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია უკვე გარემოსდამცველი ჯგუფების შეშფოთების წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ხელისუფლებამ შესაძლო კავშირის შესახებ არსებული სპეკულაციები უარყო.
18 მაისს ჩხოროწყუს რაიონში 55 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე ხობი ჰესი–2–ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიურ მოვლენას არაფერი აქვს საერთო იქ ჰესის მშენებლობასთან. მისი თქმით, სწორედ დარიალჰესის მილსადენები დაეხმარა წყლის დონის შემცირებას და უარესი უბედურების თავიდან აცილებას.
დარიალჰესის გახსნა, რომლის დადგმული სიმძლავრეც 108 მეგავატი იქნება, 2015 წლის ოქტომბერში იგეგმება. მისი ერთ–ერთი ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, გადაიდება თუ არა მისი გახსნა, რადგანაც ჯერ კიდევ შესაფასებელია მეწყერით მიყენებული ზიანის ოდენობა.
მთავრობის სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, ექსპერტების მიერ განხორციელდა დევდორაკის მყინვარის და ხევის გამოკვლევა, რის შემდეგაც დამეწყვრის საფრთხის მონიტორინგის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სათვალთვალო პოსტები.
დარიალის ხეობაში მეწყერი 2007 წლის აგვისტოშიც ჩამოწვა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; მაშინ მდინარე თერგის კალაპოტი ჩაიხერგა და გზის დაახლოებით 400–მეტრიანი მონაკვეთი განადგურდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)