ბრიუსელში ევროკომისიის და საქართველოს მთავრობის შეხვედრა გაიმართება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის შვიდ წევრთან ერთად 20 მაისს ბრიუსელში ორდღიან ვიზიტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ევროკომისიასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ქართულ დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.
ევროკომისიას და საქართველოს მთავრობას შორის შეხვედრა 21 მაისს არის დაგეგმილი.
შეხვედრა წინ უძღვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ბრიუსელში 27 ივნისს არის დაგეგმილი.
ევროკომისიამ ანალოგიური შეხვედრები გამართა უკრაინის და მოლდოვას მთავრობებთან 13 მაისს და 15 მაისს, შესაბამისად.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი გასულ კვირას უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს სტუმრობდა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოლდოვას და საქართველოს, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში ეწვევა.