თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ქვედა ზღვარის დადგენა იგეგმება
თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ნათქვამია თავდაცვის შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტს წარედგინა განსახილველად.
2%-იანი ქვედა ზღვარის დაწესების გეგმები ბოლო წლების რეალურ მდგომარეობასთან თავსებადია. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებამ თავის პიკს 2008 წელს მიაღწია, როცა უწყების ბიუჯეტი 1.5 მლრდ ლარს შეადგენდა. მართალია შემდგომ წლებში თავდაცვის დაფინანსების ოდენობა კლებულობდა, მაგრამ მისი მშპ-სთან მიმართება ყოველთვის 2%-ზე მეტი იყო.
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2014 წელს 660 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ის წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებლის 2.24%-ია. ანალოგიური დაფინანსება ჰქონდა თავდაცვის უწყებას შარშანაც და მშპ-ის 2.44%-ს შეადგენდა.
თავდაცვის სამინისტროს ავტორობით შემუშავებული კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო საკანონმდებლო ჩარჩოში ექცევა. ეს საბჭო პრემიერ–მინისტრის თავმჯდომარეობით, როგორც მისი სათათბირო ორგანო, შარშან ჩამოყალიბდა და ფაქტობრივად ჩაანაცვლა პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის უფლებამოსილებებიც ძირითადად თავდაცვის სფეროთი შემოიფარგლება.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტს თავდაცვის კუთხით ამჟამად მინიჭებული უფლებამოსილებები უმცირდება და გადაეცემა მთავრობას. პრეზიდენტი რჩება სამხედრო ძალების მთავარსარდლად; ამტკიცებს სამხედრო ძალების სტრუქტურას; პარლამენტის თანხმობით აცხადებს საომარ, საგანგებო მდგომარეობას ან მობილიზაციას; მთავრობასთან შეთანხმებით ნიშნავს ან ათავისუფლებს გენშტაბის უფროსს; ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს. თუმცა კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტიდან მთავრობას გადაეცემა მთელი რიგი უფლებამოსილებები, მათ შორის ისინი, რომელიც უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენის უფლებას, ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიული მოწყობის და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების, ასევე სამხედრო ძალების განვითარების, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმების დამტკიცების საკითხებს.
საქართველოს თავდაცვის შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომელიც ასევე აერთიანებს თავდაცვის დაგეგმვის შესახებ ცალკე მოქმედი კანონის დებულებებს, თავდაცვის უზრუნველყოფის, სამხედრო ძალების მისიისა და მართვის, თავდაცვის სფეროში ხელისუფლების ორგანოთა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.