ცესკომ ქართული ოცნების რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია არ გააუქმა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 მაისს არ დააკმაყოფილა მოთხოვნები ქართული ოცნების რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატების არჩევნებიდან იმ მოტივით მოხსნის თაობაზე, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ საცხოვრებელ ცენზს. 

მმართველი კოალიციის რუსთავის მერობის კანდიდატის დავით ჯიქიას რეგისტრაციის გაუქმებას კახა კუკავას პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ბლოკი „არასაპარლამენტო  ოპოზიცია“ ითხოვდა, ხოლო ფოთის მერობის კანდიდატის ირაკლი კაკულიას მიმართ ანალოგიურ მოთხოვნას ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა აყენებდა. ორივე შემთხვევაში მომჩივანები ამტკიცებდნენ, რომ ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს საქართველოში ბოლო ორი წელი მუდმივად არ უცხოვრიათ, რაც კანდიდატად რეგისტრაციისთვის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა.

თუმცა ცესკომ დაადგინა, რომ დავით ჯიქია ბოლო ორი წლის განმავლობაში 180 დღით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში სასწავლო მივლინებით და ეს ფაქტი არ უნდა ჩაითვალოს რეგისტრაციისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად, ვინაიდან მას საცხოვრებელი ადგილი არ შეუცლია; ხოლო ფოთის მერობის კანდიდატის ირაკლი კაკულიას მიმართ, რომელიც მომჩივანის მტკიცებით 2009-2012 წლებში ყაზახური კომპანია „აკტაუსიბარიტის“ ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობის უფლებით ყაზახეთის ბინადრობის მოწმობით სარგებლობდა, ცესკომ მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ფოთის მერობის კანდიდატის  საზღვარგარეთ გამგზავრებები დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ მივლინებებთან და არა საზღვარგარეთ მუდმივ ცხოვრებასთან.  

განკარგულებებში, რომლითაც ძალაში დარჩა რუსთავისა და ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეთა გადაწყვეტილებები ქართული ოცნების მერობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე და მათი სასამართლოში გასაჩივრება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი, ცესკომ განაცხადა: „ვინაიდან საარჩევნო კოდექსში მუდმივად ცხოვრების ფაქტის ლეგალური დეფინიცია არ არსებობს, მსგავს საქმეებზე სასამართლო პრაქტიკით განისაზღვრა, რომ ცხოვრების ფაქტის დადგენის ერთ-ერთი პირობაა პირის აღნიშნულ პერიოდში უშუალო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და ცხოვრებაში, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საქმეში წარმოდგენილია“.  

ამ გადაწყვეტილებებს ერთი თვით უსწრებდა მსგავს საკითხზე ცესკოს სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც გორის მერობის კანდიდატად იყო დარეგისტრირებული, არჩევნებიდან სწორედ საცხოვრებელი ცენზთან დაკავშირებული საჩივრის გამო მოიხსნა.  ოქრუაშვილი 2007 წლის ბოლოდან პოლიტიკური დევნილის სტატუსით საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა. მისი არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოს ორმა ინსტანციამ ძალაში დატოვა.

ამ შემთხვევაზე აპელირებით ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პირადად მას ხმა არ მიუცია 20 მაისს ცესკოს შვიდი წევრის მხარდაჭერით ქართული ოცნების რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატების რეგისტრაციაში დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისათვის,  „ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ ჩემი მიდგომა იყო ერთგვაროვანი ანალოგიურ შემთხვევასა და ამ შემთხვევებშიც“.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა და ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ  ცესკომ ქართული ოცნების მერობის ორი კანდიდატის მიმართ „პოლიტიკური“ გადაწყვეტილება მიიღო შეიცვალა რა პოზიციები ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ.