მარგველაშვილი: ‘პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი’ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „უპრიანი“ იქნება, თუ პრემიერ–მინისტრის ნაცვლად, ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ივნისში.
მან განაცხადა, რომ „კონსულტაციები“ გაგრძელდება იმაზე, თუ ვინ მოაწერს ხელს შეთანხმებას, მაგრამ ასევე დასძინა, რომ მნიშვნელოვანი თავად შეთანხმების ხელმოწერის ფაქტია და არა ის, თუ ვინ იქნება მისი ხელმომწერი.
საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ მოაწერს ხელს შეთანხმებას განხილვის თემა ბოლო პერიოდში გახდა, ძირითადად იმ არსებული სპეკულაციის კონტექსტში, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს ერთმანეთთან უთანხმოება აქვთ, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა მარგველაშვილი.
მართალია პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა თავად არ უპასუხა პირდაპირ, როდესაც მას გასულ კვირას ჰკითხეს, თუ ვინ მოაწერს ხელს შეთანხმებას და განაცხადა, რომ „საქართველო მოაწერს ხელს“, მაგრამ ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრი მოაწერს ხელს შეთანხმებას ბრიუსელში 27 ივნისს.
როდესაც მარგველაშვილს 20 მაისს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მან უპასუხა: „მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი“.
„მაგრამ არის მნიშვნელოვანი დათქმა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ხელი მოაწეროს [საერთაშორისო ხელშეკრულებებს] მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე. ეს არის კონსტიტუციური ნორმა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება, რომლის ხელის მოწერაც არის სტრატეგიული საქართველოსთვის; შესაბამისად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ამის თაობაზე აუცილებლად ჩატარდება კონსულტაციები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ჩემთვისაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოაწეროს ხელი. ჩემთვის არ არის პრინციპული და მე ამ საკითხს არ გამოვედავები, თუ იქნება პოზიცია, რომ მოაწეროს რომელიმე სხვა ლეგიტიმურმა პირმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება მოიცავს როგორც აღმსარულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შიგნით განსახორციელებელ პროცესებს; შესაბამისად, მგონია, რომ უპრიანია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური აწერს ხელს; თუმცა ლეგიტიმურია სხვა პირმაც მოაწეროს ხელი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
როდესაც პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან ურთიერთობებზე ჰკითხეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ „ურთიერთობა არის მუშა და ასეც გაგრძელდება“.
მისი თქმით, ამ ურთიერთობების „დაპირისპირებად“ შეფასება „გადაჭარბებულია“.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გასულ კვირას, როდესაც ის სადილის დროს ღარიბაშვილს შეხვდა, მათ ისაუბრეს „უფრო ინტენსიურ და კოორდინირებულ ურთიერთობაზე“.