შვედეთის განვითარების სააგენტომ და საქართველომ თანამშრომლობის 7–წლიანი შეთანხმება გააფორმეს

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) და საქართველომ 2014–2020 წლებში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ახალ შეთანხმებას 20 მაისს  მოაწერეს ხელი.

ეს არის რეფორმების სფეროში თანამშრომლობის შვედეთის ახალი სტრატეგიის ნაწილი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის;  2014–2020 წლებში დახმარების მთლიანი ოდენობა 8 მლრდ შვედურ კრონას შეადგენს (დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარი), საიდანაც 4.2 მლრდ შვედური კრონა (დაახლოებით 638 მლნ აშშ დოლარი) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) არის განკუთვნილი. 
  
შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და SIDA-ს გენერალურმა დირექტორმა შარლოტ პეტრი გორნიცკამ თბილისში მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის ახალი  ხელშეკრულების პრიორიტეტული სფეროებია ის პროგრამები, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციას; დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და გარემოს დაცვის საკითხებს უკავშირდება.

„დღესდღეობით, შვედეთი საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი დონორია“, – განაცხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა ჰილევი ენგსტრომმა, „ახალი სტრატეგიის მეშვეობით, შვედეთის მთავრობა იღებს გრძელვადიან ვალდებულებას, რათა განაგრძოს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“.

„გზა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მოითხოვს ფართო და ხშირად ისეთ რთულ რეფორმებს, როგორიცაა უკეთესი კანონის უზენაესობა და გაძლიერებული დემოკრატიული სისტემები. შვედეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ძალისხმევაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. რაც უფრო დიდია ძალისხმევა, მით უფრო მეტი მხარდაჭერის გაღება შეუძლიათ შვედეთს და ევროკავშირს“, – განაცხადა მან.