ქართულმა ოცნებამ დაპირისპირების ინციდენტის გამო რუსთავის საარჩევნო შტაბის უფროსი დაითხოვა
მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მის აქტივისტებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო რუსთავის საარჩევნო შტაბის უფროსი სამსახურიდან დაითხოვა.
სიტყვიერი დაპირისპირების ინციდენტს რუსთავში 24 მაისს ჰქონდა ადგილი, როცა ქართული ოცნების რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა ნაციონალური მოძრაობის პარტიული ოფისის წინ აქცია მაშინ გამართა, როცა ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას აწყობდა. პოლიცია დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა.
„ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ არეულობასა და ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ასეთი შემთხვევები გამოწვეულია პოლიტიკური ოპონენტების პროვოკაციული ქმედებებით“, რომელიც მიზნად ისახავს „წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებას“, განაცხადა ქართულმა ოცნებამ 26 მაისს წერილობით განცხადებაში.
მმართველმა კოალიციამ ერთის მხრივ მხარდამჭერებს მოუწოდა თავშეკავებისკენ, რათა წინასაარჩევნო კამპანია „მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში“ წარიმართოს, ხოლო მეორეს მხრივ, ოპონენტებს მიმართა „თავი შეიკავონ დესტრუქციული გამოხტომებისგან, ჩადგნენ პოლიტიკური ბრძოლის კონსტრუქციულ რეჟიმში და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიიღონ ის შედეგი, რასაც ქართველი ხალხისგან იმსახურებენ“.