საქართველოს ხელმძღვანელობა მიესალმა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს
საქართველოს ხელმძღვანელობა მიესალმა 25 მაისს უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში პეტრო პოროშენკო იმარჯვებს.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ არჩევნებს და გვიხარია, რომ ეს არჩევნები ჩატარდა. ეს არის წინაპირობა უკრაინაში და ევროპაში ვითარების დალაგების“, – განუცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს 26 მაისს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის არჩევნები „მშვიდ გარემოში“ ჩატარდა.
„ახლა მე ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში, რომ იყოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
25 მაისის არჩევნებში პეტრო პოროშენკოს გამარჯვება უკვე აღიარა მისმა მთავარმა კონკურენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ.