მარგველაშვილსა და უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა მარგველაშვილი ინაუგურაციაზე დაპატიჟა, რომელიც სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში გაიმართება. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, მარგველაშვილმა უთხრა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს, რომ „ეს გამარჯვება უკრაინაში სტაბილურობის მომტანი უნდა გახდეს“..
 
მანამდე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ცალ-ცალკე გზავნილებით და განაცხადეს, რომ 25 მაისის არჩევნებმა წარმოაჩინა უკრაინის ურყევი ნება, გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი.
 
 „საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას უკრაინასთან, რომელთანაც მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობა და ტრადიციული მეგობრობა გვაკავშირებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი საერთო მიზანი – ევროპული არჩევანი, რომლისკენაც საქართველო და უკრაინა მტკიცე ნაბიჯებით განაგრძობენ სვლას“, – განაცხადა მარგველაშვილმა თავის მისალოც გზავნილში.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის სწრაფვა ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კონსოლიდაციისაკენ, ასევე მკაფიოდ წარმოაჩინა უკრაინის მოქალაქეთა ურყევი ნება, გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დიდ ევროპულ ოჯახში“, – ნათქვამია მისალოც გზავნილში.

„მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინელი ხალხის გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა  გადალახავს მის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს „უკრაინისა და უკრაინელი ხალხის საკეთილდღეოდ“ წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის „ძალიან ღირებულია“ ორმხრივი “მეგობრული“ და „მჭიდრო პარტნიორული“ ურთიერთობები.

„ჩვენს ქვეყნებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები აერთიანებს  – საქართველოსა და უკრაინას აქვთ მტკიცე ნება, გააგრძელონ ევროინტეგრაციის პროცესი, რაც საბოლოოდ ჩვენს ქვეყნებს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ პოროშენკოსთვის გაგზავნილ მისალოც წერილში.

„მჯერა, თქვენი ძალისხმევით უკრაინა დაძლევს ყველა სირთულეს და გააგრძელებს განვითარებას, როგორც ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“, – ნათქვამია წერილში.