პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ‘არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება’

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 მაისს ერთობლივად აწერენ ხელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ სიმბოლურ აქტს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და პრეზიდენტისგან ამ მხრივ რაიმე უფლების დელეგირება არ სჭირდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იმ სადავო საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინ მოაწერს ხელს 27 ივნისს ასოცირების შეთანხმებას, განაცხადა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას თავისი ბრძანებულებით ერთჯერადად გადაცემს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამ უფლების დელეგირება კონტრასიგნაციის წესით უნდა დაადასტუროს.
„არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება. არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მაისს ჟურნალისტებს, „არავითარი უფლებამოსილება დამატებითი მე არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მოვაწერო ხელი“.
მან ასევე განაცხადა, რომ მედიას „აინტერესებს სკანდალი“ და ამ თემას „აბუქებს“.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მანამდე, იმავე დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების „ისტორიული“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ხელმოწერა განხორციელდეს „ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე“.
„შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად მოვხსნათ კითხვები, რომელიც წარმოიშვა ამ მიმართულებით და ბუნებრივად გადავეცით ეს [ხელმოწერის] უფლება პრემიერ–მინისტრს“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „შესაბამისად, ხელმოწერის შემდეგ არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით, რამდენად ლეგიტიმური იყო ეს ხელმოწერა, არ იარსებებს“.
მან ასევე განაცხადა, რომ დელეგირების საკითხს არ სჭირდებოდა „კონსულტაცია“, ვინაიდან მისი მხრიდან „ეს არის დათმობა საკუთარი უფლებამოსილების“.
„მოტივაცია აქ არის ნათელი – ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ხელმოწერა, აქ კინკლაობა არ იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
ის, თუ ვინ მოაწერს ხელს საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმებას, ბოლო პერიოდის კამათისა და უთანხმოების წყაროა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის.
მთავრობის ზოგიერთი წევრი თავიდანვე აცხადებდა, რომ ხელმომწერი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს. ამ ფონზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 20 მაისს პირველად განაცხადა საჯაროდ, რომ „უპრიანი“ იქნება, თუ ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მოაწერს ხელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, თუმცა გამოთქვა რა ამ თემაზე მთავრობასთან კონსულტაციების სურვილი, იქვე აღნიშნა, რომ ამ საკითხს არ „გამოედავება“. 23 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავად იქნება ხელშეკრულების ხელმომწერი, რაზეც, მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ და მმართველი კოალიციის გუნდმა მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები პრეზიდენტთან არ გაუვლია. ამასთანავე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა მთელი რიგი „სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები“ ჩამოთვალა, რის გამოც ჩაითვალა მიზანშეწონილად, შეთანხმებას ხელი არა პრეზიდენტმა, არამედ პრემიერ-მინისტრმა მოაწეროს ხელი. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მართალია კონსტიტუციით გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის, მაგრამ თმობს პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ ამ უფლებას და ირაკლი ღარიბაშვილისგან ამ ნაბიჯის იურიდიულ დადასტურებას ელის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)