თბილისი სოხუმში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა „შეშფოთება“ გამოხატა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე [აფხაზეთში] მიმდინარე საგანგაშო პროცესებთან დაკავშირებით“.
ოპოზიციის ლიდერები კვლავ აკონტროლებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სოხუმში, რომელიც მომიტინგეებმა, რომელთაც აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომა სურთ, გასულ ღამეს დაიკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ მას კონტაქტები აქვს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ეუთოდან და გაეროდან, ანჯელო გნედინგერთან და ანტი ტურუნენთან და ხაზი გაუსვა „საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან აქტიური ჩართულობის აუცილებლობას, მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის არდაშვების მიზნით“.
საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მან თავისი შეშფოთება ევროკავშირსაც გაუზიარა, რომელიც ასევე ერთ–ერთი თანათავმჯდომარეა გაეროსთან და ეუთოსთან ერთად.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონში მიმდინარე მოვლენები თბილისის შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.
28 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ ვითარება მშვიდობიანად მოგვარდება.
ციხელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მთავარ წუხილს წარმოადგენს რეგიონის ყველა მაცხოვრებლის უსაფრთხოება და ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საქმე ადამიანის უფლებათა დარღვევებს ეხება, ყველაზე მოწყვლადი გალის რაიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობაა.
საკოორდინაციო საბჭო, ჯგუფი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს და მოძრაობებს აერთიანებს და რომელიც სოხუმში მიმდინარე საპროტექტო აქციების ორგანიზატორია, შარშან შეიქმნა და თავდაპირველად ის ოპოზიციურმა ჯგუფებმა იმისთვის ჩამოაყალიბეს, რომ ანქვაბს აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილებში, მათ შორის გალის რაიონში, სადაც ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, „პასპორტიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით დაპირისპირებოდნენ.
ანქვაბის მიდგომა, რომელსაც ასევე ემხრობოდა მისი წინამორბედი და მოკავშირე სერგეი ბაღაფში და რომელიც გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას ისახავდა მიზნად სეპარატისტული რეგიონის დანარჩენ ნაწილებთან მათი მეტი ჩართულობისთვის, ოპოზიციურმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს, როგორც საფრთხე „აფხაზეთის სუვერენიტეტის“ მიმართ.
მართალია ეს საკითხი კვლავ რჩება საკოორდინაციო საბჭოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ მის დღის წესრიგს მთელი რიგი სხვა საკითხებიც დაემატა დაწყებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით და დამთავრებული დემოკრატიული რეფორმების ნაკლებობით.
გალის ქართველი მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხი 27 მაისს სოხუმის აქციაზე ზოგიერთი ოპოზიციონერის გამოსვლებშიც გაჟღერდა.
სეპარატისტული რეგიონის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ლეონიდ ძაფშბამ განაცხადა აქციაზე, რომ ანქვაბი განზრახ განურჩევლად ურიგებდა აფხაზურ პასპორტებს გალში მცხოვრებ ათიათასობით ეთნიკურ ქართველს. მან ასევე განაცხადა, რომ მაშინ როცა ანქვაბმა მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტები გახსნა, „მხოლოდ ერთი სასაზღვრო–გამშვები პუნქტი მოქმედებს ჩვენს მეგობარ რუსეთთან“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონში ეთნიკურობის ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის შესახებ გაკეთებული განცხადებები "შეშფოთების" წყაროს წარმოადგენს. მან განაცხადა, რომ ზოგიერთი ძალა სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პასპორტიზაციის საკითხს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ნაციონალური მოძრაობა რუსეთის კვალს ხედავს
მანამდე 28 მაისს, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სოხუმში განვითარებული მოვლენები და გალის რაიონის ქართველებთან დაკავშირებით გაჟღერებული ზოგიერთი ლოზუნგი „რეალურ ეჭვს“ ბადებს, რომ რუსეთი შესაძლოა აფხაზეთის ანექსიას ცდილობდეს.
„ეს არის ძალიან რეალური საფრთხე და ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ თბილისს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, რომ გავლენა მოახდინოს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე და მან ინტენსიურ საერთაშორისო ძალისხმევას უნდა მიმართოს პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ „მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხე და რისკი რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსირების, შეერთების და ამ გზით მისი საბოლოო მიტაცების მცდელობის“.
ნაციონალური მოძრაობის მდივანმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონში მიმდინარე მოვლენები „სერიოზულ გამოწვევას“ წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, რეგიონის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით გალის რაიონის ეთნიკური ქართველებისთვის. მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ, როგორც მან აღნიშნა, ის არ მოქმედებს პროაქტიულად, რათა ამ პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყროს.