ფანჯიკიძე ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 29 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება უკრაინის კონტექსტში, ბოლო დღეებში აფხაზეთში შექმნილი ვითარება, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხი, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები და ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროში ყოველწლიურად წარდგენილ რეზოლუციაზე, რომელსაც გენერალურ ასამბლეაზე 5 ივნისს უნდა ეყაროს კენჭი.
„ეს შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, „ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების და მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ მხარდაჭერის საშუალებით ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით“.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ფანჯიკიძე ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდს.