სადამკვირვებლო ორგანიზაციები ოპოზიციონერ კანდიდატებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რიგ საარჩევნო ოლქებში ოპოზიციონერ კანდიდატებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა, რაც 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნებიდან მათ გამოთიშვას ისახავს მიზნად.
"სამართლიანი არჩევნები", საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთობლივ განცხადებაში, სადაც მოყვანილია ოპოზიციონერ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დმანისში, წალკაში, მარნეულში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენში, ახალქალაქში, მცხეთაში, დედოფლისწყაროში და ლენტეხში, ხელისუფლებას რეაგირებისკენ და სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ, ხოლო პარტიებს მსგავსი შემთხვევების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკრებულოების როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნებიდან საკუთარი ნების საფუძველზე მოხსნილი კანდიდატები, ძირითადად, არ აკონკრეტებენ, თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას.
თუმცა „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი მცხეთაში აცხადებს, რომ პარტიის ოთხმა ადგილობრივმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მცხეთის მაჟორიტარმა პარლამენტარმა ქართული ოცნებიდან დიმიტრი ხუნდაძემ მათზე ზეწოლა განახორციელა, იტყობინებიან არასამთავრობოები. მათივე თქმით, დედოფლისწყაროში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატზე და ასევე მაჟორიტარ კანდიდატზე ზეწოლას ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებდა მათი ოჯახის წევრებისთვის სამსახურებში პრობლემების შექმნის მუქარით.
კიდევ ერთი „ტენდენცია“, რაზეც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიუთითებენ, უკავშირდება პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმებას, რასაც შეიძლება შესაბამის ოლქში პარტიის არჩევნებიდან მოხსნა მოჰყვეს.
კანონის თანახმად, იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ს აღემატება, პროპორციულ სიაში მინიმუმ 15 კანდიდატი უნდა იყოს; ხოლო იმ ოლქში, სადაც ამომრჩეველი 75 000-ზე ნაკლებია, მინიმუმ 10 კანდიდატი უნდა შედიოდეს. თუ არჩევნებამდე ორი დღით ადრე პარტიულ სიაში დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატურა აღმოჩნდება, პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება და შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტი საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ამ საფუძვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, რეგისტრაცია გაუუქმდა დმანისში ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებულ ოპოზიციას, რომლის პარტიულ სიაში კანდიდატთა არასაკმარისი რაოდენობა დარჩა მას შემდეგ, რაც ხუთმა კანდიდატმა მოიხსნა რეგისტრაცია. ანალოგიური მიზეზით გამოეთიშა ახალციხის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებს პარტია საქართველოს გზა, რომლის სამმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურები და პარტიულ სიაში 10-ზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით.
პარტიული სიის გაუქმების ზღვარზეა ნაციონალური მოძრაობა დმანისში, სადაც მისმა ხუთმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა და სიაში დარჩენილია კანდიდატთა მინიმუმი – 10 ადამიანი, საიდანაც ერთ კანდიდატი, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, ასევე აცხადებს, რომ ურეკავენ დაფარული ნომრიდან, რათა ისიც გამოეთიშოს არჩევნებს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოყვანილი შემთხვევებიდან უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას უკავშირდება, რასაც ყოფილი სახელისუფლებლო პარტია საჯაროდ აპროტესტებს.
იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესახებ კომისია ინფორმირებული, ხოლო შესაბამისი მასალები გადამოწმების მიზნით პროკურატურაში გადაგზავნილია.
„თუ გამოვლინდება რომელიმე ამ შემთხვევაში, რომ ვინმეზე იყო ზეწოლა ვინმეს მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მკაცრი. ჯერ-ჯერობით ფაქტები დადგენის პროცესშია“, – განუცხადა წულუკიანმა 30 მაისს ჟურნალისტებს.