საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ ჰასანოვი პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა ბათუმში, სადაც ისინი ასევე დაესწრნენ ქართული პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას.
ღარიბაშვილმა და ჰასანოვმა განიხილეს „როგორც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო დაცვის კუთხით“. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მხარე სახელმწიფო საწარმო დელტას მიერ წარმოებული ქართული სამხედრო პროდუქციით დაინტერესდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ასევე ესწრებოდა ბათუმში გამართულ შეხვედრას, 29 მაისს თავის კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა, იმავე დღეს მოგვიანებით კი ასევე დაესწრო პრეზიდენტ მარგველაშვილთან ზაკირ ჰასანოვის შეხვედრას.
„სამხედრო თანამშრომლობაში საკმაოდ ფართო შესაძლებლობები არსებობს – სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და განათლების კუთხით“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ და ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს სამმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად „ძალიან ძლიერად ვიმუშავებთ“.
ჰასანოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს „ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში“.
„განვიხილეთ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის დეტალები; ჩვენ ვისაუბრეთ სამხედრო ინდუსტრიების ფორმატში ორმხრივ თანამშრომლობაზე; ასევე, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლაზე. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ სამმხრივ ფორმატზე – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაზე“, – განაცხადა ალასანიამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 6 მაისს თბილისში გამართულ სამიტზე სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაფიქსირეს „სამივე სახელმწიფოს პოლიტიკური ნება გააღრმავონ სამმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროშიც“.
„დღეს, ორი მინისტრი – აზერბაიჯანის და საქართველოსი გიდასტურებთ, რომ ჩვენ გავაღრმავებთ ყოვლისმომცველ ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში. და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დაცვისკენ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ 29 მაისს.
იმავე დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის შეხვედრაზე პრეზიდენტ მარგველაშვილთან აღინიშნა, რომ „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო-ტექნიკური თუ ინდუსტრიული თვალსაზრისით“. პრეზიდენტის პრესსამსახური ასევე იტყობინება, რომ მხარეებმა განიხილეს „თავდაცვის სფეროში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა, ასევე წვრთნების ერთობლივი დაგეგმვისა და განხორციელების საკითხი რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისით“.