ბათუმში პოლიციის დღე აღინიშნა
პოლიცია „მთლიანად დეპოლიტიზირებულია“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა ხშირად „უსამართლოა“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში 30 მაისს ქართული პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
„ქართული პოლიცია არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში აღარ დგას. პოლიცია დღეს მთლიანადაა დეპოლიტიზირებული და ხალხსა და ქვეყანას ემსახურება“, – განაცხადა მან, „ჩვენ სამუდამოდ დავამთავრეთ პოლიციის ძალადობა საკუთარ ხალხზე“.
მისი თქმით, პოლიციის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა ხშირ შემთხვევაში „უსამართლო და არაობიექტურია“.
„ხანდახან მესმის კრიტიკა თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ცალკეული ადამიანების მხრიდან. და მე მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ამას მე ძალიან განვიცდი, ამას მე საკუთარ თავზე ვიღებ და მიმაჩნია, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს კრიტიკა არის არაობიექტური და უსამართლო“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„ამიტომ, მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ არავის არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ თუნდაც უსამართლოდ გაგაკრიტიკონ თქვენ. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – დასძინა მან.
ღარიბაშვილმა ასევე შეაქო შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და განაცხადა: „ეს არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ გიღალატებს“.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი კოალიციის დეპუტატები, ასევე მოწვეული სტუმრები, მათ შორის ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაკირ ჰასანოვი ესწრებოდნენ.
ქართული პოლიციის დღე 2010 წელს იქნა შემოღებული და თავდაპირველად ის 6 მაისს აღინიშნებოდა.
მანამდე ნაციონალურმა მოძრაობამ 30 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა და სინანული გამოთქვა, რომ ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ მიიწვია პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლების მიუწვევლობა დასანანია, რადგანაც „შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან პრაქტიკულად შეზრდილი პოლიციის ნაცვლად, თანამედროვე პოლიციის შექმნა მოხდა სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში“.
მოწვეულ სტუმრებს შორის რამდენიმე ყოფილი პოლიციელიც იყო, რომელთაც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი პოსტები ეკავათ; მათ შორის იყო თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე. 30 მაისს მოგვიანებით გავრცელებულ ცალკე განცხადებაში ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო შევარდნაძის პერიოდის შსს–ს „ოდიოზური“ თანამდებობის პირების დასწრება ცერემონიაზე.