სურკოვი მიესალმება აფხაზეთში ‘კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას’
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლი შეასრულა, რასაც აფხაზეთის ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომა მოყვა, მიესალმა „კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას“ და კიდევ ერთხელ გამოხატა მოსკოვის მიერ „სრული ფინანსური და სამხედრო“ მხარდაჭერის გაგრძელების სურვილი.
„პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დაგეგმვა აფხაზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შედეგია. მთავარი მიზანი მიღწეულია – კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდა“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ სურკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
„სტაბილურობა შენარჩუნდა მოლაპარაკებების პროცესის ყველა მონაწილის სიბრძნის და პასუხისმგებლობისა და ალექსანდრე ანქვაბის დიდსულოვანი გადაწყვეტილების წყალობით“, – განაცხადა მან.
„ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და საწარმო მუშაობს. ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. რუსეთი განაგრძობს მოძმე აფხაზეთთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან [პარლამენტის სპიკერთან ვალერი ბგანბასთან], პარლამენტთან და შეცვლილ მთავრობასთან. რუსეთი უზრუნველყოფს აფხაზი ხალხისთვის სრული ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენას“, – განაცხადა სურკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თავის თანაშემწედ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში 2013 წლის სექტემბერში დანიშნა.