შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში

შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი, რომლის ქვეყანაც ეუთოს 2014 წელს თავმჯდომარეობს, 3 ივნისს თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში. 

დიდიე ბურკჰალტერი, რომელიც შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრიც არის, თბილისში ბაქოდან ჩამოვა, რომელსაც ის 2 ივნისს სტუმრობს და შემდეგ ერევანში გაემგზავრება.

შვეიცარიამ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლს ასრულებს მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი, დასავლეთ ბალკანეთთან ერთად ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

თბილისში შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, ასევე ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეხვდება. ის ასევე გაეცნობა პროექტს, რომელსაც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო ახორციელებს და რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარებულ ოჯახებს ეხმარება, იტყობინება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი.

თბილისში ასევე იქნება განხილული ჟენევის მოლაპარაკებების საკითხი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო; ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად ეუთო ამ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა.