სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი რუსეთთან მიერთების შესახებ

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის მიმდინარე „ინტეგრაცია“ რუსეთთან „მოსამზადებელი ეტაპია“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთებისთვის და საკითხი აქტიურად მაშინ დადგება, როდესაც ამის „შესაფერისი დრო“ მოვა, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის საინფორმაციო ვებგვერდთან „ლენტა.რუ“–სთან ინტერვიუში, რომელიც 2 ივნისს გამოქვეყნდა.

როდესაც მას სეპარატისტული რეგიონის რუსეთში შესვლის შესაძლებლობის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის პროცესი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მოსკოვმა 2008 წელს სამხრეთ ოსეთი აღიარა.

„ეს ინტეგრაცია სერიოზული მოსამზადებელი ეტაპია სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთთან მიერთების საკითხის გადასაწყვეტად. ეს იდეა თითოეული ჩვენგანის ნაწილია. როგორც უკვე განვაცხადე ადრე, სამხრეთ ოსეთის გაყოფილი ხალხი მომავალში უნდა გაერთიანდეს“ ჩრდილოეთ ოსეთთან, განაცხადა თიბილოვმა.

„ისტორიული მომენტი დადგება. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და რუსეთში შესვლის იდეას კარგი პერსპექტივები აქვს“, – განაცხადა მან.

„ჩვენი ამოცანაა შესაფერისი დროის შერჩევა, როდესაც რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხი აქტიურად დადგება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ვერ იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და მოსკოვთან, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად უნდა იქნას განხილული.

„ხელსაყრელი მომენტი უნდა დადგეს და ჩვენ მას არ გავუშვებთ ხელიდან; ჩვენ მას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს ხალხისთვის“, – განაცხადა თიბილოვმა.

კითხვაზე მიმართავს თუ არა სეპარატისტული რეგიონის ახალი პარლამენტი, რომელიც 8 ივნისის არჩევნების შედეგად უნდა აირჩეს, რუსეთის ფედერაციას მასთან მიერთების თხოვნით, თიბილოვმა უპასუხა: „მე არ გამოვრიცხავ ამას“.

„ვფიქრობ, ახალი პარლამენტი მზად იქნება გამოვიდეს ასეთი წინადადებით“, – განაცხადა მან.

„რუსეთში შესვლის საკითხი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრების დროს განიხილება ხოლმე“, – დასძინა თიბილოვმა.

მოწოდებები რუსეთში შესვლის თაობაზე ხშირად ისმოდა ცხინვალიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე; მას შემდეგ ეს საკითხი დროდადრო წამოიწევს ხოლმე; იგი კვლავ დააყენა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ოსეთი“, როდესაც 2014 წლის იანვარში მან თიბილოვს რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდა.  „ერთიანი ოსეთი“ იმ ცხრა პარტიიდან ერთ–ერთია, რომელიც 8 ივნისის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. პარტიის ერთ–ერთი ბროშურის სახელწოდებაა „ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ“, სადაც პირველ ნაბიჯად რეფერენდუმის ჩატარებაა განსაზღვრული.