მოსკოვი სოხუმის მხარდაჭერას ადასტურებს

რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ „განავითაროს და გააძლიეროს“ ურთიერთობები სეპარატისტული აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელობასთან, რომელიც 24 აგვისტოს დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აირჩევა მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ანქვაბს ოპოზიციის პროტესტის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 2 ივნისს, რომ მოსკოვი „პატივს სცემს“ აფხაზი ამომრჩევლების არჩევანს.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 27 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის შემდეგ „შიდა პოლიტიკური ბრძოლის პროცესი“ აფხაზეთში „სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა“. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ძალადობრივი სცენარის აღკვეთა ანქვაბის და აფხაზეთის სხვა ლიდერების წყალობით გახდა შესაძლებელი.

პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ, რომელიც ამჟამად სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, განაცხადა 2 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ დეპუტატები მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც „ექს–პრეზიდენტისთვის უსაფრთხოების გარანტიებს“ უზრუნველყოფს, იტყობინება „აფსნიპრესი“. ბგანბამ ასევე განაცხადა, რომ ანქვაბმა დატოვა გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზა, სადაც ის მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვება მოუხდა, და ამჟამად გუდაუთის რაიონში საკუთარ სახლში იმყოფება.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა სამშაბათს, რომ პოლიტიკური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენას 25 ივნისიდან შეძლებენ; რეგისტრაციისთვის მიმართვის ვადა 14 ივლისს იწურება.

როდესაც ვალერი ბგანბას გალის რაიონის ამომრჩევლების, ძირითადად ეთნიკური ქართველების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, რომ ახლა რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

აპრილში სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზური პასპორტები, რომლებიც  აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის დარღვევით შექმნილი კომისიების რეკომენდაციებით გაიცა გალში, ოჩამჩირეში და ტყვარჩელში, მიჩნეულ უნდა იქნას დადგენილი პროცედურების დარღვევით გაცემულად და არ ჩაითვალოს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთად. რეზოლუციამ მოუწოდა სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებას 2015 წლის 1 იანვრიდან ახალი პასპორტების გაცემა დაიწყოს.

„ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას“, – განაცხადა ბგანბამ, „სისხლის სამართლის საქმეებია დაწყებული პასპორტების უკანონო გაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე პოლიტიკური კონსულტაციები უნდა გავმართოთ. ისინი [გალის მოსახლეობა] ჩვენი მაცხოვრებლები არიან. მე არ ვამბობ მოქალაქეები, ისინი აფხაზეთის მაცხოვრებლები არიან. მოვიფიქრებთ. ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა“.

სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში ბგანბამ 2 ივნისს ტყვარჩელის და გალის რაიონების ხელმძღვანელები გაათავისუფლა და პარლამენტს მთავარი პროკურორის საფარბეი მიკანბას თანამდებობიდან დათხოვნა სთხოვა. ამ თანამდებობის პირთა გათავისუფლება 27 მაისს სოხუმში ცენტრში შეკრებილი ოპოზიციონერი მომიტინგეების თავდაპირველ მოთხოვნებს შორის იყო, რაც მოგვიანებით იმავე დღეს ანქვაბის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.