ცესკომ პარტიული სიების არჩევნებიდან მოხსნის კრიტერიუმები დაადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 ივნისს მიღებული განკარგულებით დაადგინა კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საკრებულოს პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმება, თუ მასში დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად,  იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ს აღემატება, პროპორციულ სიაში მინიმუმ 15 კანდიდატი უნდა იყოს; ხოლო იმ ოლქში, სადაც ამომრჩეველი 75 000-ზე ნაკლებია, მინიმუმ 10 კანდიდატი უნდა შედიოდეს. თუ არჩევნებამდე ორი დღით ადრე პარტიულ სიაში დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატურა აღმოჩნდება,  პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება და შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტი საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ცესკოს დადგენილების თანახმად, საარჩევნო სია მხოლოდ იმ შემთხვევებში გაუქმდება, თუ რეგისტრირებული კანდიდატი გარდაიცვალა; კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; კანდიდატს რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება; რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა საარჩევნო სუბიექტმა.

„თუკი კონკრეტული კანდიდატები საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხსნიან კანდიდატურას, ეს არ გამოიწვევს იმ საარჩევნო სიის, რომელშიც ეს კონკრეტული კანდიდატი ბრძანდებოდა,  საარჩევნო მარათონიდან მოხსნას“, – განმარტა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 3 ივნისს სხდომის შემდეგ.

ეს საკითხი ცესკოს დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქართულმა ოცნებამ 2 ივნისს საარჩევნო ადმინისტრაციას იმ ნორმის შეცვლისკენ მოუწოდა,  რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს. ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა მისი „კეთილი ნებაა, რათა ხელი შევუწყოთ სხვა პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებზე თავი შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად წარმოაჩინონ“.

მართალია თავდაპირველად თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ამ მოწოდების ადრესატი პარლამენტი იყო და არა ცესკო, ვინაიდან ამ ნორმის შეცვლას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდებოდა, თუმცა საბოლოოდ საკითხი მაინც ცესკოს დადგენილებით დარეგულირდა.

პარტიული სიების არჩევნებიდან მოხსნის საფრთხე იმ განცხადებების ფონზე დადგა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდებოდა მათი არჩევნებიდან გამოთიშვის მიზნით. ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ხელისუფლებას შესაძლო ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებისკენ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმაც მოუწოდეს.

ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობით, ამ საფუძვლით რეგისტრაცია გაუუქმდა დმანისში ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებულ ოპოზიციას, რომლის პარტიულ სიაში კანდიდატთა არასაკმარისი რაოდენობა დარჩა მას შემდეგ, რაც ხუთმა კანდიდატმა მოიხსნა რეგისტრაცია. ანალოგიური მიზეზით გამოეთიშა ახალციხის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებს პარტია საქართველოს გზა, რომლის სამმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურები და პარტიულ სიაში 10-ზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით. პარტიული სიის გაუქმების ზღვარზე იყო ასევე ნაციონალური მოძრაობა დმანისში, სადაც მისმა ხუთმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. 

ამ კონკრეტული ფაქტების გასაჩივრების შემთხვევაში, ცესკო პარტიული სიების გაუქმების კრიტერიუმების დადგენის შემდეგ, სავარაუდოდ, მათზე ინდივიდუალურად იმსჯელებს. 

ცესკოს გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიესალმა, თუმცა მათ ასევე მოუწოდეს კანდიდადებზე სავარუდო ზეწოლაში დამნაშავე პირების დასჯისკენ.

მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ უარყო ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლის არსებობა ოპოზიციურ კანდიდატებზე და 2 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული ბრალდებების შესწავლის შედეგად „საბოლოოდ დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ყოვლად უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა“.

კოალიციამ ასევე განაცხადა, რომ „გააზრებული აქვს, რომ მისი მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ მას დააზარალებს“ და მისი „ამოცანა და პასუხისმგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სათანადო აღიარებაა“.