საქართველო და ობამას ევროპისადმი სამხედრო მხარდაჭერის ახალი ინიციატივა
აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 3 ივნისს ნატოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერის ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს.
პოლონეთში ვიზიტისას ობამამ მოუწოდა აშშ-ის კონგრესს მხარი დაუჭიროს მის გეგმას მომავალ წელს გამოიყოს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი, რათა უზრუნველყოფილი იყო ამერიკის სამხედრო ძალების მუდმივი, ე.წ. როტაციული განთავსება ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში და ასევე პარტნიორი ქვეყნების – მოლდოვას, საქართველოს, უკრაინის – დახმარება.
ობამამას ინიციატივა (European Reassurance Initiative) რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებს მოსდევს და ერთ-ერთ მიზნად აშშ-ის ევროპელი მოკავშირეებისთვის კოლექტიური უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის ერთგულების დადასტურებას ისახავს.
„ჩვენ გავზრდით ამერიკული [სამხედრო] პერსონალის რაოდენობას – საჯარისო და საჰაერო ძალების შენაერთებს – რომელთა მუდმივი როტაციაც განხორციელდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირე ქვეყნებში. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას მეგობრებთან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რათა მათ საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ თავის პოლონელ კოლეგასთან ბრონისლავ კომოროვსკისთან ვარშავაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მოვუწოდებ კონგრესს დაამტკიცოს 1 მილიარდი აშშ დოლარი ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, რაც ჩვენი ნატოს მოკავშირეების მიმართ ამერიკის ურყევი ერთგულების ძლიერი დემონსტრირება იქნება“, – განაცხადა ობამამ, რომელმაც ევროპაში ოთხდღიანი ტურნე დაიწყო და რომლის დროსაც ის ასევე ეწვევა საფრანგეთსა და ბელგიას.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს 2015 წელს მთელი რიგი ზომები მიიღოს, რაც, სხვა ნაბიჯებთან ერთად ასევე მოიცავს „ახლო მეგობრების, როგორცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ უკეთ შეძლონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მუშაობა, და ასევე უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვა“.
გეგმაში შემოთავაზებულ ძირითად ზომებს შორის არის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ზრდა და ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით კი ნატოს აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირე ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ძალების მუდმივი განთავსება, ასევე აშშ–ის საზღვაო ფლოტის მზარდი მონაწილეობა ნატოს საზღვაო ძალების განლაგებებში, მათ შორის შავ და ბალტიის ზღვებში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტის ამ ინიციატივას.
ეს არის „ძალიან კონკრეტული გზავნილი, რომელსაც ექნება კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მან ასევე განაცხადა, რომ კონსულტაციები დეტალებზე ჯერ არ დაწყებულა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა წერილობით განცხადებაში, „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მოხდება სერიოზული ინტენსიფიკაცია კონსულტაციების, როგორც ორმხრივად აშშ-თან, ისე, ნატოს სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრების ფორმატში“.