საქართველოს და ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 4 ივნისს ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე თავის შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ საქართველოზეც აქვს ზეგავლენა.

„ჩვენ განვაგრძობთ მაღალი დონის დიალოგს საქართველოსთან ჩვენი უსაფრთხოების მიმართ არსებული სერიოზული გამოწვევების კონტექსტში“, – განაცხადა რასმუსენმა.

„ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ და არც მომავალში აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. და არც რუსეთის მიერ საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ვცნობთ. ნატო მხარს უჭერს ყველა ერის უფლებას, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე თავად გააკეთოს სუვერენული არჩევანი“, – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა საქართველოს „კარგი პროგრესი, განსაკუთრებით იმაში, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორები უფრო გამჭირვალე და ანგარიშვალდებული გახადეს“.

„ველით რეფორმების შემდგომ განხორციელებას და განვაგრძობთ თქვენს დახმარებას ამ პროცესში“, – განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, თუ ის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოგვიანებით ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს მისწრაფებებს განიხილავენ.

„და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომდევნო სამიტი [უელსში სექტემბერში] აღიარებს საქართველოს პროგრესს“, – დასძინა რასმუსენმა.