პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება
სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები "არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება“, ხოლო ვარაუდს რომ ამ პროცესში რუსეთის ხელი ურევია "სჭირდება დადასტურება", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ივნისს პრესკონფრენციაზე.
სეპარატისტულ რეგიონში ოპოზიციის ხუთდღიანი პროტესტის შედეგად პრეზიდენტი ანქვაბი გადადგა და მისი შემცვლელის ასარჩევად 24 აგვისტოს ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში ადგილზე კრემლიდან წარგზავნილი შუამავლები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს“, მათ შორის გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ შესაძლო პრობლემების შექმნის კუთხით, განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ამ ეტაპზე ჩვენ არ გვსურს დამატებით რაიმე აჟიოტაჟის შექმნა და დაძაბული განცხადებების გაკეთება“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა თბილისის შეცვლილ რიტორიკას, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პოლიტიკის გატარებისკენ არის მიმართული.
ჟურნალისტის შეკითხვაზე „ანუ თქვენ თვლით, რომ ეს არის შიდა გადაადგილება და ვთქვათ, რუსეთი არ მონაწილეობს ამაში გარედან?“, ღარიბაშვილმა უპასუხა: „ყველამ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგად. ის რაც ხდება აფხაზეთში, მე მგონი, ძალიან ღიად არის დეკლარირებული და ყველამ კარგად ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთში – ეს არის გადაადგილება და ჩვენ დაველოდოთ“.
შემდეგ მას შეახსენეს პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, რომელშიც მან აფხაზეთში მიმდინარე პროცესები შეაფასა, როგორც „რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში“.
„დაველოდოთ, დაველოდოთ. ამას სჭირდება დადასტურება, ამას სჭირდება დაკვირვება, ამას სჭირდება სწორი ანალიზი. მე არ მსურს ნაჩქარევად გავაკეთო კომენტარი ამ თემაზე“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.
თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილის მსგავსად, მანაც აღნიშნა, რომ არ ჰგონია, რომ აფხაზეთის მოვლენები რაიმე კავშირშია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან, რომელიც 27 ივნისს იგეგმება.
„ჩემი ინფორმაციით, რაც მე არაერთხელ მითქვამს, რუსეთი არ აპირებს ჩარევას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „პირიქით, რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დაადასტურა , რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში და შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ვერავითარ ნიშანს, რომ რაიმე გართულებას უნდა ველოდოთ“.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს რუსეთთან ურთიერთობის „კონსტრუქციულ პოლიტიკას“, რასაც მოსკოვი „პოზიტიური ნაბიჯებით“ შეხვდა, კერძოდ კი ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნის კუთხით.
„მე მიმაჩნია, ეს პოზიტიური ნაბიჯები და ეს მცდელობები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა, არის რეალური შედეგის მომცემი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.