ნატოს გენერალური მდივანი: ‘გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რათა საქართველოს გაწევრიანებისთვის კარი გაიღოს’

ნატო კიდევ ერთხელ მიესალმა საქართველოს „შესამჩნევ პროგრესს“, თუმცა ასევე განაცხადა, რომ „მეტი სამუშაოა შესასრულებელი“ იმისათვის, რომ ამ ქვეყანას წევრობის კარი გაეხსნას.

ნატო–საქართველოს კომისია თავდაცვის მინისტრების დონეზე ბრიუსელში 4 ივნისს გაიმართა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში „შესამჩნევ პროგრესს“ მიაღწია წინა და ამჟამინდელი მთავრობის პირობებში.

„მისი მიღწევები დემოკრატიის და თავდაცვის რეფორმების კუთხით შთამბეჭდავია“, – განაცხადა მან.

„ბევრი რჩება გასაკეთებელი იმისათვის რომ ნატოში გაწევრიანების კარი გაიხსნას, მაგრამ საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია და საქართველო სწორ გზაზე დგას“, – განაცხადა რასმუსენმა.   

„ნატოს მოკავშირეები მიესალმებიან ამ პროგრესს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დარჩება რეფორმების გზაზე ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებასთან ერთად“, – დასძინა მან.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა 2 ივნისს ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში იქნება და დასძინა, რომ MAP–ის გარდა სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლის საშუალებითაც საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს.

როდესაც გერმანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა გენერალურ მდივანს, თუ როდის შეიძლება საქართველო ნატოს წევრი გახდეს და მოელის თუ არა ის გერმანიის წინააღმდეგობას საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასმუსენმა განაცხადა, რომ ის ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს.

„ჩვენ არ განგვიხილავს რაიმე გრაფიკი დღევანდელ შეხვედრაზე – ეს არ ყოფილა შეხვედრის მიზანი“, – განაცხადა რასმუსენმა.

„ჩვენ აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოში, როდესაც საქმე ეხება თავდაცვის რეფორმებს და ქართული საზოგადოების უფრო ფართო რეფორმებს და ეს პროგრესი აღიარებულ იქნა დღევანდელ შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ მეტი სამუშაოა გასაკეთებელი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ჯერ კიდევ სანახავია, თუ როგორ გადაწყდება ღია კარის პოლიტიკა უელსის სამიტზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, სათანადოდ იქნება ასახული სამიტზე“, – განაცხადა რასმუსენმა.

კითხვაზე, თუ რა იქნება საქართველოსთვის MAP–ის ალტერნატივა, რასმუსენმა გაიმეორა, რომ ნატო ჯერ კიდევ უელსის სამიტის მომზადების პროცესშია და არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუ როგორ გადაწყდება ღია კარის პოლიტიკა სამიტზე.   

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ მას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, თითოეული ასპირანტი ქვეყანა – საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია – „ინდივიდუალურად, მათი დამსახურებების მიხედვით“ იქნება განხილული.

მან ასევე განაცხადა, რომ ნატო ამჟამად ასპირანტი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების პროცესშია და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტილებებს ამ შეფასების საფუძველზე მიიღებენ, როდესაც ისინი ივნისის ბოლოს შეიკრიბებიან.