ალასანია ობამას ინიციატივის, ნატოს შემოთავაზებების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივაზე და ნატო-საქართველოს კომისიის შედეგებზე განაცხადა, რომ ალიანსის უელსის სამიტის შემდეგ „საქართველო იქნება უფრო დაცული“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 4 ივნისს ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა.
“ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ, ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია – სამიტის შემდეგ ჩვენი ქვეყანა, იმ შემოთავაზებებით, რომელიც აქვს ნატოს და თავად პრეზიდენტ ობამას, ამერიკის მხრიდან, საქართველო იქნება უფრო დაცული“, – განაცხადა მან, „აქ საუბარი არის, კონკრეტულად, საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე“.
საქართველო ნატოს უელსის სამიტისგან, რომელიც სექტემბერში გაიმართება, მის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას ელის. თუ რა ფორმით მოხდება ეს, ნატოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღები აქვს.
„როგორც იქნება ასახული ჩვენი ინტეგრაციის პროგრესი სამიტის დეკლარაციაში, პარალელურად ამისა, იქნება გაძლიერებული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა“, – განაცხადა ალასანიამ.
„ჩემი აზრით, ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაში ნატოსთან, რომ დეკლარაციული ხასიათის განცხადებებიდან მეტი აქცენტი გადავა კონკრეტულად საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე“, – განაგრძო მან, „ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ჯარისთვის, რომელიც არის, პრაქტიკულად, სრულად თავსებადი ნატოსთან და ეს აღნიშნა ყველა გამომსვლელმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ გვექნება შემაკავებლის ფუნქცია“.
იმავდროულად, ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში რიგი შეხვედრები გამართა, მათ შორის ცალკე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს.
თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ზაკირ ჰასანოვთან და ისმეთ ილმაზთან სამმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, მათ შორის რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით ერთობლივი წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ალასანია ასევე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას მიხაილო კოვალის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ფილიპ ჰამონდს.