ჰეიგელი: ქართული ბატალიონი 2014 წლის შემდგომ ავღანურ მისიაში ჩაერთვება
აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ პირობისთვის, რომ ავღანეთში 2014 წლის შემდგომ მისიაში ერთი ქართული ბატალიონი ჩაერთვება.
„მადლობას ვუხდით საქართველოს იმ პირობისთვის, რომ მისი ერთი ბატალიონი ჩაერთვება 2014 წლის შემდგომ მისიაში ავღანეთში და მნიშვნელოვანი რესურსით უზრუნველყოფს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს“, – განაცხადა ჰეიგელმა 4 ივნისს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
4 ივნისს ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა თავდაცვის მინისტრების დონეზე, რასაც ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მოყვა.
საქართველოს ამჟამად 805 სამხედრო ჰყავს ავღანეთში, ISAF–ის ინფორმაციით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი ჯარისკაცები ძირითადად ჰელმანდის პროვინციაში, ასევე ქაბულის ფოენიქსის ბანაკში და ყანდაჰარის საჰაერო ბაზაზე არიან დისლოცირებულები.
აშშ–ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნების მიღწევები და წვლილი „აღიარებას იმსახურებს“ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ივნისის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზე.
უკრაინის და საქართველოს სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე შეკითხვას ჰეიგელმა უპასუხა: „ბევრი შესაძლებლობა და მიდგომა არსებობს, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ უკრაინის და საქართველოს მსგავსი ქვეყნების დასახმარებლად და განვაგრძობთ ამას, რადგან საბოლოო ჯამში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა შეიქმნან საკუთარი შესაძლებლობები, გამოიმუშაონ საკუთარი თავის დაცვის უნარი“.
შეერთებულმა შტატებმა 4 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს არალეტალური იარაღით, მათ შორის ჯავშანჟილეტებით, ღამით ხედვის მოწყობილობებით და საკომუნიკაციო აღჭურვილობით დაეხმარება, რომლის ჯამური ღირებულებაც 5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)