ღარიბაშვილი: ნაციონალური მოძრაობა ‘რადარიდან ქრება’

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური რადარიდან ქრება და ის „არ უნდა დარჩეს“ არც ერთ მუნიციპალიტეტში 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ–მინისტრმა, რომელმაც სამსაათიანი პრესკონფერენციის დროს ნაციონალური მოძრაობა ბევრჯერ ახსენა ნაწილობრივ დასმული კითხვების გამო, განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა“ იგი ნაციონალურ მოძრაობას ძლიერ ოპოზიციურ პარტიად არ მიიჩნევს.

„მათი რეიტინგი დღითიდღე ეშვება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ 5–6%–ის მხარდაჭერა აქვს, „ისინი რადარიდან ქრებიან და პოლიტიკური სივრციდან; მაგრამ ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი; ჩვენ ამაში წვლილი არ მიგვიძღვის იმიტომ, რომ ეს არის შედეგი იმისა, რაც დათესეს წლების განმავლობაში; ეს არის მათი საქმიანობის შედეგი და ეს ყველაფერი კანონზომიერია“.

მისი თქმით, „სამწუხაროდ“ საქართველოში არ არის „ძლიერი ოპოზიცია“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოს რეალურად ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია, ობიექტური ოპოზიცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ერთპარტიული სისტემის“ საფრთხე არ არსებობს საქართველოში, რადგანაც ქართული ოცნება თავისთავად ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიციაა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ხმებს ავრცელებს, თითქოს კოალიცია ქართული ოცნება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიშლება. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც კოალიციის სახით იყრის კენჭს.

პრესკონფერენციაზე მას იმ განცხადების შესახებაც ჰკითხეს, რომელიც მან 31 მაისს ოზურგეთში კამპანიის შეხვედრის დროს გააკეთა, როცა თქვა, რომ  „არცერთ რაიონში, არცერთ თვითმმართველ ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას“. ამ განცხადებას სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოყვა.

მართალია პრესკონფერენციაზე არ გაიმეორა იგივე განცხადება, თუმცა ღარიბაშვილმა ფაქტიურად უკან არ დაიხია  და განაცხადა: „მე არასწორი განცხადება არ გამიკეთებია აბსოლუტურად“. ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება იმით გაამართლა, რომ ოზურგეთში გამართული კამპანიის შეხვედრაზე ის, როგორც კოალიციის ლიდერი საუბრობდა და არა როგორც პრემიერ–მინისტრი.

„მინდა შეგახსენოთ, რომ მე რეგიონებში დავდივარ და აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებ. მე ის განცხადება გავაკეთე, როგორც მმართველი კოალიციის ლიდერმა და არა როგორც ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა – ეს არის ძალიან დიდი განმასხვავებელი ნიშანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერი არის მოტივირებული და დაინტერესებული, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგებს“, – განაგრძო მან, „რა თქმა უნდა, მე ვარ მოწოდებული და მე მჯერა, რომ ყველა რაიონში, ყველა სოფელში გავიმარჯვებთ ჩვენ და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი შედეგი იყოს მაქსიმალურად მიღწეული. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ საუბარი გვაქვს დემოკრატიულ არჩევნებზე, გამჭირვალობაზე, ღიაობაზე და თანაბარ, კონკურენტულ გარემოზე. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მე ვარ მოტივირებული და მოწოდებული და ეს მოწოდება იყო რეალურად თითოეული ამომრჩევლისადმი და აქტივისტისადმი იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს. ამაში უჩვეულო არაფერი არ არის; ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალის ლიდერის მოწოდება“.

გურიაში 31 მაისს გამართულ ცალკე შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა უთხრა ადგილობრივებს, რომ „[ნაციონალების] არც ერთი ნარჩენი არ უნდა დავტოვოთ“ ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევნების შემდეგ. როდესაც მას 4 ივნისის პრესკონფერენციაზე ამის შესახებაც ჰკითხეს, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მან „უტრირება“ მოახდინა.

„რამდენად ეთიკური იყო, რამდენად არ იყო, ამაზე ნუ ვიკამათებთ, მაგრამ ის, რაც მე ვთქვი, რომ ყველა რაიონში უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ და არცერთ რაიონში, არცერთ სოფელში არ უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა, მე მგონი, ამაშიც უჩვეულო არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი მოსახლეობის სურვილია და უბრალოდ ჩვენი სურვილები დაემთხვა, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ რაიონში და სოფელში არ უნდა დარჩეს ნაციონალური მოძრაობა – მე ვგულისხმობ, არჩევნების შედეგად მიღებულ შედეგებს და ეს ასეც იქნება და ეჭვი არავის არ ეპარება, მგონი, ამაში საქართველოში. ჩვენ ვართ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ნაცვლად პრობლემების გადაწყვეტისა, დაწყებული ეკონომიკიდან და დამთავრებული კრიმინოგენული ვითარებით, მთავრობა არც კი აღიარებს, რომ ეს პრობლემები არსებობს.

„საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად არის მოწყვეტილი რეალობას და მისი გამოფხიზლების ერთადერთი შანსი, ჩვენი აზრით, არის 15 ივნისს“, – განაცხადა გაბაშვილმა.