სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა გენერალური პროკურორი დაითხოვა

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 5 ივნისს გამართული კენჭისყის შედეგად გენერალური პროკურორი საფარბეი მიკანბა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 35–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში სხდომაზე დამსწრე 25 დეპუტატიდან 21 დეპუტატმა  მხარი დაუჭირა მიკანბას გათავისუფლებას ფარული კენჭისყრის შედეგად, ხოლო ოთხმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

გენერალური პროკურორის გათავისუფლება ოპოზიციის თავდაპირველ მოთხოვნებს შორის იყო, როდესაც ისინი 27 მაისს სოხუმში შეიკრიბნენ, რაც იმავე დღეს მოგვიანებით ანქვაბის გადადგომის მოთხოვნებში გადაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ, რომელიც ამჟამად სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, ტყვარჩელის, გალის და ოჩამჩირის რაიონების ხელმძღვანელები გაათავისუფლა. ორი ვიცე–პრემიერი, ინდირა ვარდანია და ბესლან ეშბა ასევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. სეპარატისტული რეგიონის უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ აშუბა, რომელიც აფხაზეთის ყოფილი ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის მოკავშირეა, 4 ივნისს თანამდებობიდან გადადგა.

ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს 24 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი; კანდიდატების რეგისტრაცია 25 ივნისს დაიწყება, ხოლო განაცხადების წარდგენის ვადა 14 ივლისს ამოიწურება.

აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმმა, რომელიც იმ საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ერთ–ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ანქვაბის წინააღმდეგ აქციებს უძღვებოდა, 5 ივნისს პოლიტიკურ ძალებს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ფრონტით“ მონაწილეობისკენ მოუწოდა. აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის ლიდერია რაულ ხაჯიმბა. იმავდროულად, პოლიტიკურმა პარტიამ „ამცახარა“, რომელიც აფხაზეთის ყოფილ ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს, განაცხადა, რომ ის მომავალი არჩევნებისთვის სტრატეგიას განიხილავს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა 5 ივნისს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ რუსეთი განაგრძობს ახლო თანამშრომლობას აფხაზეთის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელთან, იტყობინება „რია ნოვოსტი“. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე სტაბილურობა შენარჩუნდება და დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც აფხაზეთში დასვენება სურთ, არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.