მარნეულის ინციდენტის შემდეგ, ღარიბაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ‘საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობის შემოტანაში’ ადანაშაულებს
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციაზე „პირდაპირ“ და „გაუგონარ“ ზეწოლაში დაადანაშაულა.
„მე ვიცი, რომ გუშინ უკვე დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და მე მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს, რომ პირადად გააკონტროლონ ამ საქმის გამოძიების ყველა დეტალი“,– განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ინციდენტზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა „იქნას კანონის შესაბამისად დასჯილი“.
მისი თქმით, მთავრობას და მმართველ კოალიციას აქვს „ამბიცია“, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მან.
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ „გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი და დაძაბულობა შემოიტანოს საარჩევნო კამპანიის დროს“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინ. „მე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენი სახელმწიფოსთვის; ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა მან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული ბრალდებები არჩევნების შემდეგ იქნება წარდგენილი მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების მიმართ სამართლებრივ დევნაზე გამოცხადებული მორატორიუმი დასრულდება.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 5 ივნისს ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა, რასაც წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების ხმაურიანი პროტესტი ამ გადაწყვეტილების პრევენციის მიზნით. გიგი უგულავა, ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, უყვიროდა მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს თავისივე კაბინეტში: „მე გპირდები შენ, აი ამ გადაწყვეტილების გამო, შენ კობა ასანიძე მაგრად ინანებ“. 6 ივნისს უგულავამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ მას არ მოეწონა თავისი თავი, როდესაც მოგვიანებით მის საქციელს ტელევიზიით უყურა. ყვირილი „ლამაზი არ არის“, განაცხადა მან.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ პირველ ყოვლისა ინციდენტის მიზეზები უნდა იქნას გამოძიებული, მათ შორის მარნეულის გამგებლობის კანდიდატზე ზეწოლა, რაც ნაციონალური მოძრაობის თქმით, მიზნად ისახავდა, რომ მას კანდიდატურა მოეხსნა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა 5 ივნისს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო ჩართული იმაში, რომ დაეყოლიებინათ ნაციონალური მოძრაობა მარნეულის კანდიდატს უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე; გოგორიშვილმა განაცხადა, რომ უსუფაშვილმა ეს გზავნილი მას 12 მაისს გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
დავით უსუფაშვილმა 6 ივნისს ამ ბრალდებების საპასუხოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მართალია დადასტურა ხათუნა გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე რაიმე მსჯელობა.
„საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„მიუხედავად ყოვლად უღირსი სპეკულაციებისა, მე არ და ვერ ვისაუბრებ ამაზე უფრო დეტალურად ვერც ამ შეხვედრის და ვერც ათობით სხვა შეხვედრის თაობაზე, სადაც ნაცმოძრაობის თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან უამრავი მგრძნობიარე სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხი განხილულა. არც სხვას ვუსურვებ ისეთ პიროვნულ თუ პოლიტიკურ აგონიაში აღმოჩენას, რომ ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთილგონიერება დაკარგოს“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.
უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს ამ თემაზე დებატების გაგრძელებას, თუმცა მზადაა კომუნიკაციისთვის უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან, „რომლის წარმომადგენლადაც მესტუმრა ქალბატონი გოგორიშვილი“.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მარნეულთან დაკავშირებული ყველა სადავო საარჩევნო საკითხის მოკლე ვადებში და „მაღალი სტანდარტით“ გადაწყვეტისკენ მოუწოდა „მიუხედავად ამა თუ იმ პირის პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა“.
ნაციონალური მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ ზეწოლა განხორციელდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, მათ შორის ადგილობრივი პოლიციის მხრიდან, რომ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოეხსნა.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმამკულიევს რეგისტრაცია იმ მოტივით გაუუქმა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ საცხოვრებელ ცენზს, რომ კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. იმამკულიევმა უარყო, რომ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა და განაცხადა, რომ ის მივლინებების გამო დროდადრო ტოვებდა ქვეყანას. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას მისი მარათონიდან გამოთიშვა მისი ლიდერობის გამო სურს.
ნაციონალური მოძრაობა ამ გადაწყვეტილებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებს და თუ ცესკო ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას, შემდეგ დავა შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ანალოგიურ შემთხვევაში ცესკომ ძალაში დატოვა ქართული ოცნების ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატების რეგისტრაცია, როდესაც მათი შესაბამისობა საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნასთან ეჭვქვეშ დადგა.
ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია დაახლოებით 50 ოპოზიციურ კანდიდატზე ზეწოლის შესახებ 12–ზე მეტ მუნიციპალიტეტში, რათა მათ საკრებულოს არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები მოეხსნათ. ბევრი ასეთი ცნობა დმანისიდან გავრცელდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და ნინო ბურჯანაძის კოალიცია თავიანთი პარტიული სიების გაუქმების საფრთხის წინაშე დადგნენ, რადგანაც სიებში რაოდენობა კანდიდატურების მოხსნის გამო მინიმუმამდე დავიდა. უარყო რა კანდიდატურებზე ზეწოლის ბრალდებები, ქართულმა ოცნებამ მოუწოდა ცესკოს, რომ სიების რეგისტრაციიდან მოხსნის წესებში ცვლილება შეეტანა პარტიების არჩევნებიდან გამოთიშვის პრევენციის მიზნით. 3 ივნისს ცესკომ სიების გაუქმების კონკრეტული კრიტერიუმები დაადგინა და განაცხადა, რომ კანდიდატურების მოხსნა ამის მიზეზი ვერ გახდება – ამ ნაბიჯს ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია მიესალმა, მაგრამ მათ ასევე სინანული გამოთქვეს, რომ კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევების სათანადო გამოძიება არ ხდება.
საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და ბორის სილევიჩმა შეშფოთება გამოთქვეს ოპოზიციური კანდიდატების იმ რაოდენობის გამო, „რომელთაც საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, სავარაუდოდ ზეწოლის გამო“.
„ნათელია, რომ კანდიდატების მოხსნა არჩევნებზე ზეწოლის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში და მიუღებელია, თუ ამას მართლაც ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია თანამომხსენებლების მიერ 6 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.