პრეზიდენტი მარგველაშვილი უკრაინაში პოროშენკოს ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 6 ივნისს უკრაინაში გაემგზავრა, სადაც შაბათს უკრაინის არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.
პარასკევს გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდა და „თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე“ ისაუბრა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ამავე ინფორმაციით, მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა უკრაინაში დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას, რომლითაც „უკრაინელმა ხალხმა მოახდინა ძლიერი ნების დემონსტრირება და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა შექმნას ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი ევროპული ქვეყანა“.
კიევში მარგველაშვილს თან ახლავს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი; თავისი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი, ასევე ქართული ოცნების დეპუტატები, ვიცე–სპიკერი ზვიად ძიძიგური და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)