ალასანია MAP–ზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძალიან ადრეა რაიმე პროგნოზის გაკეთება საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე, რადგანაც „რთული“ კონსულტაციები, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისამდე ნატოს უელსის სამიტამდე გაგრძელდება.

„მე ვიყავი ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე [ბრიუსელში 4 ივნისს],  სადაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ უმეტესობამ ჩვენი პარტნიორების ნატოში ღიად დააფიქსირა, რომ საქართველო მზად არის MAP–თვის“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს 6 ივნისს.

მან განაცხადა, რომ ფორმალური განხილვები, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ღია კარის პოლიტიკის საკითხი ნატოს უელსის სამიტზე მას შემდეგ დაიწყება, რაც მიმდინარე კვირას ალიანსის წევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ასპირანტი ქვეყნების თაობაზე ანგარიშები. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში მიმდინარე თვეს მოგვიანებით შეიკრიბებიან, რათა ეს ანგარიშები განიხილონ.

„ამიტომ აბსოლუტურად ნაადრევია ყველა განცხადება, დადებითი თუ უარყოფითი, ამ საკითხზე და მე გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ სექტემბრამდე ალბათ ეს რთული მოლაპარაკებები გაგრძელდება“, – განაცხადა ალასანიამ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა 2 ივნისს ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხი ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში იქნება და დასძინა, რომ MAP–ის გარდა სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლის საშუალებითაც საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს.