ჩხუბი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან

ათობით მომიტინგემ 6 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის წინ აქცია გამართა, რომლის დროსაც ჩხუბს და ქვების სროლას ჰქონდა ადგილი.

ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნება დაადანაშაულა ამ აქციის ორგანიზებაში; მმართველმა კოალიციამ უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ მართალია ზოგიერთი მისი მხარდამჭერი და არა წევრი, შესაძლოა ყოფილიყო მომიტინგეს შორის, მაგრამ აქცია 2008 წელს სამხედრო დაზვერვის ოფიცრის გაუჩინარების და გარდაცვალების საქმეს უკავშირდებოდა.

პაატა ქარდავა, ზუგდიდში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი 2008 წლის 27 აგვისტოს გაუჩინარდა და ოფიციალურად ის დაკარგულად ითვლებოდა 2014 წლის 5 ივნისამდე, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს გახსნილად გამოაცხადებდა. გამოძიების ინფორმაციით,  ქარდავა იმავე დღეს მოკლეს, როდესაც ზუგდიდიდან გაუჩინარდა. შსს-ის მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი ამ საქმესთან დაკავშირებით. შამათავას წინააღმდეგ, რომელიც მისი ადვოკატის თქმით უარყოფს ბრალდებას, უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი საქმეზე, რომელიც 2008 წელს ხურჩაში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ზუგდიდიდან ბათუმში წაიყვანეს, სადაც შამათავამ ის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავით შავი ზღვის სიღრმეში შეიყვანა დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, ფეხზე ბეტონის ნატეხი მოაბა, შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. მისი ცხედარი ნაპოვნი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შამათავა ქარდავას „აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა“.

მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს თავის განცხადებაში ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა საერთოდ არ უხსენებია, მაგრამ ქარდავას საქმის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ „აღმაშფოთებელია“, რომ ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა.

6 ივნისს მომიტინგეების ჯგუფმა, მათ შორის ქარდავას ნათესავებმა, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის წინ აქცია გამართეს, რომლის დროსაც სკანდირებდნენ „მკვლელი, მკვლელი“; ისინი გუნავას ქარდავას საქმესთან კავშირში ადანაშაულებდნენ. გუნავა თავის მხარდამჭერებთან ერთად ოფისის ეზოში იდგა, სადაც ღობე ყოფდა მას მომიტინგეებისგან; ზოგიერთი მომიტინგე თავს ესხმოდა და ურტყამდა გუნავას და მის მხარდამჭერებს, რომლებიც ეზოს მხრიდან ასევე ესხმოდნენ მოწინააღმდეგეებს თავს; პოლიცია მომიტინგეების შეჩერებას ცდილობდა; გავრცელებული ინფორმაციით, ორი მომიტინგე დააკავეს.

გუნავამ ქართული ოცნება დაადანაშაულა იმაში, რომ მან ქარდავას ოჯახის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნა 6 ივნისს განცხადებაში, რომ აქციას ქართული ოცნების ადგილობრივი აქტივისტები უძღვებოდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის რამდენიმე საჯარო მოხელეც იღებდა აქციაში მონაწილეობას.

ნაციონალურმა მოძრაობამ მოუწოდა ხელისუფლებას „შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში“. მან ასევე განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი პირადად არის  პასუხისმგებელი ინციდენტზე.

ქართულმა ოცნებამ უპასუხა, რომ მისი წევრები არ იყვნენ ზუგდიდის აქციის ორგანიზატორები. „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის მცდელობა, ეს ტრაგიკული ფაქტიც გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნო პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად. ქართული ოცნება პატივს სცემს გარდაცვლილი ოფიცრის ხსოვნას… და არ აპირებს ნაციონალურ მოძრაობასთან ამ ყოვლად მიუღებელ პოლემიკაში ჩართვას“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

7 ივნისს ამ საკითხზე თავის უკვე მეორე განცხადებაში ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც მან თქვა, ქართული ოცნების აქტივისტებისა და ადგილობრივი საჯარო მოხელეების 21-კაციანი სია გამოქვეყნა, რომლებიც პარტიის თქმით, „დარბევის“ დროს აქტიურობდნენ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როცა ამტკიცებს, რომ "ზუგდიდის შტაბში შეჭრის მცდელობასთან" მას არაფერი აქვს საერთო.