სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი კვირას საპარლამენტო არჩევნებს მართავს

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ცხრა პოლიტიკური პარტია იბრძოლებს საკანონმდებლო ორგანოში 34 ადგილის დასაკავებლად.

არჩევნები პროპორციული სისტემით იმართება; პოლიტიკურმა პარტიამ 7%–იანი ბარიერი უნდა გადალახოს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტში საკუთარი წევრების გასაყვანად.

ეს უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნები იქნება სეპარატისტულ რეგიონში; თბილისი არალეგიტიმურს უწოდებს არჩევნებს თავის სეპარატისტულ რეგიონებში, რომელთაც ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავს.

წინა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2009 წელს გაიმართა, მხოლოდ ოთხი პარტია მონაწილეობდა; თუმცა პარლამენტში სამხრეთ ოსეთის მაშინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი სამი პარტია მოხვდა. მას შემდეგ, რაც კოკოითის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა, ჩატარდა 2011 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნები და შემდეგ 2012 წლის მარტის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, სეპარატისტულ რეგიონში რამდენიმე ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა.

ქვემოთ მოცემულია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი:

  • „გაერთიანებული ოსეთის“ ლიდერია ანატოლი ბიბილოვი, რომელიც სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია; პარტიის კამპანიის ერთ–ერთი მთავარი თემა რუსეთთან შეერთება იყო. წინასაარჩევნო ბროშურის სახელწოდებაა „ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ“, სადაც პირველ ნაბიჯად რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებაა დასახელებული. ბიბილოვი  2011 წლის სადავო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და მას რუსეთი უჭერდა მხარს, მაგრამ თავისი მთავარი კონკურენტის ალა ჯიოევას მსგავსად, მანაც უარი თქვა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც საბოლოოდ რეგიონის ამჟამინდელმა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოიგო
  • 2012 წელს ჩამოყალიბებული „ახალი ოსეთის“ ლიდერია სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სანაკოევი; მან პარტია 2012 წლის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჩამოაყალიბა; იმ არჩევნების მეორე ტურში სანაკოევმა ხმების 42% მიიღო და მან თიბილოვთან ბრძოლა წააგო. თავის კამპანიის ერთ–ერთ კლიპში სანაკოევი აცხადებს: „მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ სამხრეთ ოსეთი შეუმდგარი სახელმწიფოა“. სანაკოევი აცხადებს, რომ რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან ინტეგრაცია მხოლოდ „ძლიერი, დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის აშენებით“ იქნება შესაძლებელი.
  • პარტია „ერთობის“ ლიდერია სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის ვიცე–სპიკერი ზურაბ კოკოევი.  პარტიამ 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 46%–ზე მეტი მოიპოვა.  
  • კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობს სტანისლავ კოჩიევი, მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე; თავად კოჩიევი, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ვეტერანი პოლიტიკოსია, საპარლამენტო არჩევნებში  კენჭს არ იყრის. კოჩიევმა 2012 წლის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 5.6% მიიღო, ხოლო მეორე ტურში მან ლეონიდ თიბილოვს დაუჭირა მხარი. 
  • „ნიხასს“, რომელიც 2013 წელს ჩამოყალიბდა,  სეპარატისტული რეგიონის ორი გავლენიანი ფიგურა უჭერს მხარს – შინაგან საქმეთა მინისტრი ახსარ ლავოევი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სოსლან გათიკოევი; ორივე მათგანი სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან დაახლოებული პირია. პარტიის თავმჯდომარეა ცხინვალის მერი ალან ალბაროვი. „ნიხასის“ ერთ–ერთ კანდიდატს, რომელიც მე–16 იყო პარტიულ სიაში, არჩევნებიდან გამოთიშვა მოუხდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა მისი სავარაუდოდ ქართული პირადობის მოწმობის ფოტო.
  • “ხალხთა ერთობის” ლიდერია ვლადიმერ ქელეხსაევი, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ჯავის რაიონის ხელმძღვანელად დაინიშნა მას შემდეგ, რაც თიბილოვი სამხრეთ ოსეთის ლიდერი გახდა.
  • პარტია „ფიდიბასტას“ ლიდერია ვიაჩესლავ გობოზოვი, სეპარატისტული რეგიონის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი; პარტიამ 2009 წლის არჩევნებზე 6.63%–მდე მიიღო და ერთადერთი პარტია იყო, რომელმაც საჭირო ბარიერი ვერ გადალახა.
  • პარტია „სამშობლო“ ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა.
  • ხალხის პარტიას მოქმედი პარლამენტის წევრი ალექსანდრე პლიევი ხელმძღვანელობს.

წინასაარჩვნო კამპანიის დროს „რაიმე მწვავე პოლიტიკურ ბრძოლას ან სკანდალს“ ადგილი არ ჰქონია, იტყობინება რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი „ეხო კავკაზა“ ცხინვალიდან.