საქართველოს პრეზიდენტი კიევში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მარგველაშვილთან შეხვედრაზე აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის „დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფა იგეგმება, რაზეც ამერიკის კონგრესში კონსულტაციები გაიმართება“.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდამჭერია, ასევე მხარს უჭერს მის ძალისხმევის, რომ გააუმჯობესოს უსაფრთხოება და შეეწინააღმდეგოს გარე ზეწოლას“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მარგველაშვილმა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე „რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა“.
ახალი დახმარების პაკეტის ნაწილი სეპარატისტულ რეგიონებთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლების გასწვრივ მცხოვრებ პირებს მოხმარდებათ, რომელთაც რუსი სამხედროების მიერ ბარიერების აღმართვის შედეგად იზარალეს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დახმარება დაახლოებით 40 მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება, რომლის ფარგლებშიც სასმელი წყლის სისტემების, საირიგაციო არხების, კანალიზაციის და სოფლის გზების რეაბილიტაცია განხორციელდება და მისგან სარგებელს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების მახლობლად მცხოვრები 4 000–მდე ოჯახი მიიღებს. დახმარება ასევე მოხმარდება იმას, რომ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სულ ცოტა 2 000 ოჯახს შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდეს პროფესიული გადამზადების პროგრამების, ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობის და მცირე საწარმოების ხელშეწყობის შეთავაზებით.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დახმარების ნაწილი ასევე მოხმარდება პარლამენტის მიერ მაისში მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგს, ნაწილი კი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაზე დაიხარჯება.
საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების წლევანდელი დახმარება საქართველოსთვის დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, თეთრი სახლის ინფორმაციით.
კიევში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა უკრაინის ახალ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს; ამავე ინფორმაციით, მარგველაშვილმა თავისი უკრაინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის მოლდოველ და სლოვენიელ კოლეგებთან, ნიკოლაი ტიმოფტისთან და ბორუტ პაჰორთან.
ვიცე–პრეზიდენტი ბაიდენი კიევში ასევე მოლდოვას პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტის შეხვდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიშინიოვს დამატებით 8 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს, რაზეც ასევე გაიმართება კონსულტაციები კონგრესში.