აშშ-ის საელჩო „შეშფოთებით ადევნებს თვალს“ წინასაარჩევნო კამპანიის ინციდენტებს

აშშ-ის საელჩომ თბილისში კვირას გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეშფოთებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი ინციდენტების გამო.

„სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე მიტანილი აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა“, – აცხადებს საელჩო.

„მთავრობისათვის, თითოეული პარტიისა და საარჩევნო ოლქისათვის მნიშვნელოვანია, შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ რეგიონში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ძალადობის უკანსაკნელ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ბათუმში, სადაც 7 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და დეპუტატი გია ბარამიძე ამომრჩევლებს ხვდებოდნენ; დაძაბულობა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც რამდენიმე მამაკაცი, ქართული ოცნების მხარდამჭერები მივიდნენ შეხვედრის ადგილას, რაც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ძალადობრივ ინციდენტს ასევე ჰქონდა ადგილი 6 ივნისს ზუგდიდში.