ცესკომ მარნეულში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ხმით 5-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის საჩივარი, რომელიც მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა, რის საფუძველზეც გამგებლობის კანდიდატი 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნებიდან მოიხსნა.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან იმ მოტივით მოიხსნა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ საცხოვრებელ ცენზს, რომლის მიხედვითაც კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. ეს გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოში გაასაჩივრა, რომელმაც ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ შაბათს საღამოს ხმათა უმრავლესობით მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ნაციონალური მოძრაობა ცესკოს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცესკომ კანდიდატის საცხოვრებელი ცენზის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა. დამკვირვებელთა თქმით, კანონში ბუნდოვანებაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განიმარტოს კანდიდატის „მუდმივად“ ცხოვრება საქართველოში არჩევნებამდე ორი წლის განმავლობაში.
თუმცა ამ ბუნდოვანების მიუხედევად, იმან თუ როგორ გადაწყვიტა ცესკომ ოთხი ასეთი დავა, წარმოშვა ბრალდებები საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, რომ ის ოპოზიციური და კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატების მიმართ ერთგვაროვან მიდგომას არ იყენებს.
ექვსივე წევრმა, რომლებიც 13-წევრიან ცესკოში ქართული ოცნების კოალიციაში შემავალ პარტიებს წარმოადგენენ, ხმა მარნეულის გამგებლობის კანდიდატის 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნებიდან მოხსნას მისცა.
ამ გადაწყვეტილების კიდევ ორი მომხრე იყვნენ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე.
ცესკოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით გურგენიძე იმ ხუთ წევრს შორის იყო, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა.
გადაწყვეტილების მომხრეთა არგუმენტი ეფუძნებოდა იმას, რომ მარნეულის გამგებლობის კანდიდატმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ წლამდე პერიოდი გაატარა საზღვარგარეთ, მათ შორის გადაბმულად ყველაზე მეტი დროით თითქმის ოთხი თვე არ იმყოფებოდა საქართველოში და ამის გამო იმამკულიევი, რომელიც თავად აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ბიზნესის გამო უწევდა ყოფნა, ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებელ ცენზს.
აპრილში 2-წლიანი საცხოვრებელი ცენზის დარღვევის გამო ცესკომ გააუქმა გორის მერობის კანდიდატის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაცია, რომელიც საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა. სასამართლომ ოქრუაშვილის თაობაზე ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მაისში ცესკომ ასევე განიხილა რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის საჩივრები, რომლებითაც საცხოვრებელი ცენზის დარღვევის მოტივით ქართული ოცნების მერობის კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდნენ რუსთავსა და ფოთში; ცესკომ ხმათა უმრავლესობით (7-ით 5-ის წინააღმდეგ, ერთმა თავი შეიკავა) დაადგინა, რომ ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია ბოლო ორი წლის განმავლობაში 180 დღით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში სასწავლო მივლინებით, ხოლო ფოთის მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია, რომელიც მომჩივანის მტკიცებით 2009-2012 წლებში ყაზახური კომპანია „აკტაუსიბარიტის“ ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობის უფლებით ყაზახეთის ბინადრობის მოწმობით სარგებლობდა, საზღვარგარეთ სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატთა საკითხის განხილვისას, ცესკოში ნაციონალური მოძრაობის წევრმა განაცხადა, რომ კომისიას რეგისტრაცია ისევე უნდა გაეუქმებინა, როგორც ეს ოქრუაშვილის შემთხვევაში გააკეთა. ცესკოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ სამივე შემთხვევაში მხარი დაუჭირეს ოქრუაშვილის და ქართული ოცნების კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმებას.
7 ივნისს, ვიდრე ცესკო ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, რომლებიც საარჩევნო პროცესებს მონიტორინგს უწევენ, მოუწოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას თანმიმდევრული ყოფილიყო თავის მიდგომაში და მარნეულის საქმის განხილვისას ის სტანდარტი დაეცვა რომელიც ქართული ოცნების რუსთავის და ფოთის მერობის კანდიდატების შემთხვევაში იქნა გამოყენებული.
საიამ საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდა „იყოს ობიექტური და საკუთარ ქმედებებში გამორიცხოს არათანმიმდევრულობისა და მიკერძოებულობის აღქმა“.
მან ასევე მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას „ყოველთვის იმოქმედოს ერთი და იგივე სტანდარტით,“, ხოლო „საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმის ბუნდოვანება არ იქნეს განმარტებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კანდიდატთა საწინააღმდეგოდ და სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ“.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას მისი არჩევნებიდან ჩამოშორება იმიტომ სურს, რომ მას მოგების კარგი შანსები აქვს.
„ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულმა მუქარამ, რომ არსად არ დაუშვებს ოპოზიციური პარტიის კანდიდატების გამარჯვებას, კულმინაციას მიაღწია“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ფაქტიურად საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოჩნდა ბოლო რგოლი იმ ერთთვიანი უკანონო მოქმედებების ჯაჭვისა, რომელიც მარნეულის რაიონის გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ წარმოებდა“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ მანამდე იმამკულიევი ხელისუფლების ზეწოლის სამიზნე იყო, რათა მას თავად მოეხსნა კანდიდატურა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე პირადად გააკრიტიკა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელიც „აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელმაც დაადასტურა სრულიად უკანონო სურვილი ნებისმიერი ძალისხმევით ჩამოაცილონ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ხელისუფლება დამარცხების რეალურ საფრთხეს ხედავს“.
თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის და მისი მოადგილე ოთხივე შემთხვევაში, რომელიც საარჩევნო ცენზთან დაკავშირებულ დავას უკავშირდებოდა, თავის გადაწყვეტილებებში იყვნენ თანმიმდევრულები და რეგისტრაციის გაუქმებას დაუჭირეს მხარი.
საცხოვრებელი ცენზის საკითხის კომენტირებისას, თომას ჰამარბერგმა, რომელიც ევროკავშირის სპეციალური მრჩეველია საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, განაცხადა 7 ივნისს, რომ ადამიანებს, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, მაგრამ არ არიან დარეგისტრირებული რომელიმე უცხოურ სახელმწიფოში და არ იხდიან იქ გადასახადებს, არჩევნებში მონაწილეობაში ხელი არ უნდა შეეშალოთ.