მთავრობა ადგილობრივი არჩევნების ‘უმაღლესი სტანდარტით’ ჩატარების პირობას დებს

აშშ–ის საელჩოს მიერ იმ განცხადების გავრცელების შემდეგ, სადაც მზარდი შეშფოთებაა გამოთქმული კამპანიის ფარგლებში მომხდარი ინციდენტების გამო, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის მზად არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს და თითოეულ ინციდენტზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და თავისუფალ საარჩევნო გარემოში ჩატარება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მივესალმებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას ამ პროცესში“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ 9 ივნისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში და დასძინა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი არჩევნები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად „უმაღლესი სტანდარტით“ ჩატარდება. 

„ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე, სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას და სათანადო რეაგირებას განახორციელებენ მომხდარზე“, – განაცხადა მთავრობამ.

„რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობასა და გადაწყვეტილებებში ხელისუფლება არ ერევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა განცხადება 9 ივნისს, სადაც მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს „თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან“. ამავე განცხადების თანახმად, „ყველა შემოსულ შეტყობინებაზე პოლიციამ მიიღო შესაბამისი ზომები“ და „სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯება“.

უკანასკნელ ინციდენტში, რომელიც 9 ივნისს ამ განცხადების გავრცელების შემდეგ მოხდა, ათამდე მამაკაცმა კვერცხები დაუშინა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, მათ შორის გიგა ბოკერიას, როცა ისინი ცაგერში საარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე მივიდნენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები ქართული ოცნების მხარდამჭერები და აქტივისტები იყვნენ, საქართველოს მთავრობას მოუწოდა  „შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში“.