თბილისი აფხაზეთში თურქი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია 9 ივნისს თბილისში თურქეთის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა და თბილისის პროტესტი გამოთქვა სეპარატისტულ აფხაზეთში თურქი პარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ „უარყოფითი“ დამოკიდებულება და „პროტესტი“ გამოხატა ამ საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ „მსგავსი ფაქტები, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, მომავალში აღარ განმეორდება“.
თურქეთის პარლამენტის ხუთი წევრი სეპარატისტულ აფხაზეთს გასულ კვირას სტუმრობდა; 7 ივნისს ისინი აფხაზეთის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელს და პარლამენტის სპიკერს ვალერი ბგანბას და სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ.
ხუთივე თურქი დეპუტატი საქარიას ოლქიდან არიან არჩეულები – ეს პროვინცია თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, სადაც აფხაზური თემის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
დელეგაციის წევრები იყვნენ სამი დეპუტატი მმართველი „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიიდან აიქან სეფერ იუსტუნი, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა; ალი იჰსან იავუზი და ჰასან ალიჩელიკი. დანარჩენი ორი დეპუტატი იყვნენ: ენგინ ოზკოჩი ოპოზიციური რეპუბლიკური ხალხთა პარტიიდან და მიუნირ კუტლუატი ნაციონალისტური მოძრაობის პარტიიდან. იმავე დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქარიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზეკი ტოჩოღლუ და საქარიის აფხაზეთის და კავკასიის კულტურული ცენტრების წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გაიმეორა თავისი ქვეყნის „დიდი ხნის პოზიცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ არაღიარების პოლიტიკის თაობაზე“ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
„ამ ბოლო ვიზიტის თაობაზე შაბათს გვაცნობეს. მე საუბარი მქონდა მინისტრის მოადგილესთან, ჯალაღანიასთან და დღეს ჩვენ განვაგრძეთ ჩვენი საუბარი ამ საკითხზე. მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობა, რომ თურქეთის პოზიცია საქართველოსთან და მის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში არ შეცვლილა“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.
„როგორც კი ჩვენ ამგვარი ვიზიტების თაობაზე გვაცნობებენ წინასწარ, ჩვენ დაუყონებლივ ვუკავშირდებით შესაბამის მხარეებს, ვაცნობებთ მათ ჩვენი პოლიტიკის შესახებ, ასევე ვაცნობებთ მათ საქართველოს პოლიტიკის, კანონების და რეგულაციების შესახებ და ასევე იმ შედეგების შესახებ, რის წინაშეც შეიძლება ვიზიტორი დადგეს, როდესაც საქმე საქართველოში ვიზიტს და მოგზაურობას ეხება. ჩვენ ამის გაკეთებას მომავალშიც განვაგრძობთ. ჩვენ დავუკავშირდებით ჩვენი პარლამენტის წევრებს და კიდევ ერთხელ განვაცხადებთ ჩვენს პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ უახლოეს მომავალშიც“, – დასძინა ელჩმა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან უკანონოა და ეს კანონდარღვევა ისჯება ფინანსური ჯარიმით ან პატიმრობით 2–დან 4 წლამდე.