ღარიბაშვილი: ნაციონალური მოძრაობა ‘გაქრება’ პოლიტიკური სივრციდან
მომავალი ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგანაც „სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ“ ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ რამდენიმე დღე რჩება, სანამ ყოფილი მმართველი პარტია „გაქრება“ პოლიტიკური სივრციდან.
ორშაბათს საღამოს ბათუმში კამპანიის შეხვედრაზე საუბრისას ღარიბაშვილმა თავისი ნახევარსაათიანი გამოსვლის თითქმის მესამედი ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარს და ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებს დაუთმო.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რაიონებში განხორციელებული კამპანიის დროს მან ნახა, რომ ხალხს უამრავი ისეთი მოუგვარებელი „ელემენტარული პრობლემა“ აქვს, როგორიცაა სასმელი წყლით მომარაგება და ელექტროენერგია ზოგიერთ სოფელში. შემდეგ მან განაცხადა, რომ 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც საერთაშორისო დონორებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს გამოუყვეს, არასწორად დაიხარჯა წინა ხელისუფლების მიერ, მათ შორის „სასახლეების“ მშენებლობაზე და „ერთი კაცის ახირებაზე“ – ის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.
„ვერ მოხერხდა ელემენტარული პრობლემების მოგვარება, რაც სამარცხვინოა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „სწორედ ამიტომ გამოუტანა ჩვენმა ხალხმა განაჩენი ნაციონალურ მოძრაობას და ჩამოაშორა ხელისუფლებას [2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად]".
„და სწორედ ამიტომ არის მოახლოებული არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ისინი სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ეს ადამიანები [ნაციონალური მოძრაობის წევრები] ჯერ კიდევ ბედავენ და ცდილობენ ხალხის მოტყუებას, მაგრამ მათ არ იციან, რომ ჩვენი ხალხი აღარ მოტყუვდება არასოდეს“, – დასძინა მან.
რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და წევრებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში თავს დაესხნენ, მათ შორის კამპანიის შეხვედრების დროს. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს „უსიამოვნო“ ინციდენტები იმ „აგრესიის“ შედეგია, რომელიც ხალხში არსებობს წინა ხელისუფლების მიმართ.
„მე მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის არის ძალიან დაძაბული, მათ აქვს ძალიან დიდი აგრესია წინა ხელისუფლების მისამართით, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ჩვენი ემოციები შევიკავოთ და მე გპირდებით, რომ სახელმწიფო და ჩვენ აღვკვეთავთ ამ უსამართლობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაბუდებული ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გავცემთ მათ პასუხს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ერთ ინციდენტზე, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მათ შორის გიგი უგულავა მარნეულში საოლქო კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ და განაცხადა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ამ საქმეზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენენ 15 ივნისის არჩევნების შემდეგ და „ყველა დამნაშავე, რომელიც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, იქნება მაქსიმალურად მკაცრად დასჯილი“.
მან უარყო ბრალდებები, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ კანდიდატზე ზეწოლა ხორციელდება, როგორც ამის თაობაზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც იტყობინებოდნენ და მას ნაციონალური მოძრაობის მიერ მთავრობის იმიჯის შელახვის მცდელობა უწოდა.
„ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და ეს არჩევნები წარიმართოს მშვიდ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას ვერ იღებს, ნაციონალური მოძრაობაა.
„მათ იციან, რომ დარჩათ სულ რამდენიმე დღე, რომ ისინი საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან – ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში“, – განაცხადა მან.
„მათ არ შეუძლიათ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში ყოფნა. მათ იციან, რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა, მაგრამ ახლა იმაზე ზრუნავენ, რომ რამენაირად, ამ ბოლო დღეებში იმიჯი შეულახონ ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანას და ისაუბრონ რაღაც გაუგებარ ზეწოლაზე და მუქარაზე, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქციონ. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მათ არ გაუვათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აშშ–ის საელჩომ თბილისში 8 ივნისს მზარდი შეშფოთება გამოთქვა კამპანიის ფარგლებში მომხდარი ინციდენტების გამო. თომას ჰამარბერგმა, ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას „ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული კამპანია“ დაიწყოს და გააფრთხილა ოფიციალური პირები, რომ ნუ აკნინებენ სიძულვილის საფუძველზე, მათ შორის პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებს.
პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის დარწმუნებულია, რომ „ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველგან“.
„ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მან.
ბათუმში გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ასევე უთხრა მხარდამჭერებს, რომ ხალხის ერთი–ერთი „მოთხოვნა“ ხელისუფლების მიმართ სამართლიანობის აღდგენა და გახმაურებული საქმეების გამოძიებაა.
„ყველგან სადაც არ ჩავედი, მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ დროულად დასრულდეს ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება. ამიტომ მე მინდა შეგპირდეთ ყველას, რომ ყველა ის საქმე, რომლის გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით ჩვენ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი და ყველა დამნაშავე იქნება ბოლომდე დასჯილი კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.