ევროკომისიის პრეზიდენტი მოლდოვას, საქართველოს და აზერბაიჯანს ესტუმრება
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოლდოვას, საქართველოს და აზერბაიჯანს 11–14 ივნისს ესტუმრება.
მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტები მოლდოვასა და საქართველოში „ხაზს გაუსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას“ ამ ქვეყნების მიმართ, მათთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების 27 ივნისს დაგეგმილი ხელმოწერის წინ. კიშინიოვსა და თბილისში ვიზიტების დროს, ბაროზო ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციებზე გამოვა სიტყვით. კონფერენციები ამ ორ ქვეყანაში ბიზნესის შესაძლებლობების განხილვას ისახავს მიზნად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საშუალებით ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის კონტექტსში.
ბაროზო თბილისში 12 ივნისს ჩამოვა კიშინიოვიდან და ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება საქართველოში, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.