ლაკაევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2013 წლის სექტემბერში ბათუმში სროლის ინციდენტის დროს დაკავებულ რუსეთის ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქეს იუსუფ ლაკაევს ბათუმის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა 11 ივნისს.

ლაკაევი სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ცნო დამნაშავედ, თუმცა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალმა  იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასთან და საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებული სასჯელები შთანთქა და მას საბოლოოდ 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ლაკაევი ბათუმში სექტემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციის თქმით, როცა მას ქუჩაში საბუთების წარდგენა თხოვეს, ცეცხლი გახსნა და ერთი პოლიციელი და გამვლელი დაჭრა. საპასუხო სროლის შედეგად ლაკაევი თავადაც დაიჭრა.

საქართველოს ორი  მოქალაქე, რომლებიც ინციდენტისას ლაკაევს თან ახლდნენ და მასთან ერთად ცხრა თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარეს, არიან ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე, რომელთაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ შესაბამისად, 2 წლით და 2 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობები შეუფარდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, ხოლო პოლიციის მიმართ ძალადობის გამო თითოეულს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ბათუმში მათი დაკავების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ წულუკიძეს და ბახუნტარაძეს საქართველოში არალეგალურად შემოსული ლაკაევი „უკანონოდ“ უნდა გადაეყვანათ თურქეთში.

ლაკაევი, საქართველოში დაკავებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა და სეპარატისტული აფხაზეთის პროკურატურამ სოხუმში რუსი დიპლომატისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ეჭვიტანილად გამოაცხადა. მკვლელობა სოხუმში 9 სექტემბერს მოხდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სექტემბერში ასევე განაცხადა, რომ საქართველოსგან ლაკაევის ექსტრადირებას მოითხოვდა.  მისივე ინფორმაციით, ლაკაევი 2011 წლამდე ციხეში იხდიდა სასჯელს ჩეჩნეთში უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევის გამო.

ლაკაევის გვარი „ექსტრემიზმთან“ და „ტერორიზმთან“ კავშირში მყოფი პირების იმ სიაშიც ფიგურირებდა, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურმა სოჭის ოლიმპიადის წინ გაავრცელა.