გერმანელი დიპლომატი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ახალ წარმომადგენლად დასახელდა

გერმანელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის ახალ სპეციალურ წარმომადგენლად დასახელდა.

ზალბერი 2006–2011 წლებში ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, ზალბერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეც იქნება.

ელჩმა ჰერბერტ ზალბერმა ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი ჩაანაცვლა ამ პოსტზე, რომელიც უკვე ოთხ თვეზე მეტია, რაც ვაკანტურია.

გერმანიის საგარეო სამსახურში თავისი კარიერის მანძილზე ზალბერი ბელგრადში, ვენასა და მოსკოვში მსახურობდა; შემდეგ ის ეუთოს ცენტრში მუშაობდა ალმა-ათში, სანამ 2006 წელს ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი გახდებოდა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა 12 ივნისს ზალბერის წარდგენისას განაცხადა: „მოხარული ვარ გაცნობოთ ელჩი ზალბერის ამ მნიშვნელოვან პოსტზე დანიშვნის თაობაზე. მისი ხანგრძლივი გამოცდილება და ცოდნა ევროკავშირისთვისთვის მნიშვნელოვანი რესურსებია და მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას ამ ახალ ამპლუაში“.