ქართული ოცნების თქმით, მარნეულში მისი კანდიდატი გამგებლობისთვის ბრძოლას წყვეტს
მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი 15 ივნისის არჩევნებში გამგებლის პოსტისთვის ბრძოლას აღარ განაგრძობს, განაცხადა მმართველი კოლიციის პრესსამსახურმა 13 ივნისს გვიან საღამოს.
კოალიციის პოლიტსაბჭომ თოფჩიშვილს ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა 12 ივნისს ურჩია, თუმცა ამ რჩევის მიუხედევად, კანდიდატმა თავიდან უარი თქვა არჩევნებიდან გამოთიშვაზე და მარნეულში თავის შტაბთან 13 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მე ჩემს მრავალეროვან, მრავალრიცხოვან ამომრჩევლებს – აზერბაიჯანელებს, ქართველებს, სომხებს, ბერძნებს, რუსებს, უკრაინელებს, აქ ვინც არიან და იდგნენ ეს დღეები ჩემს გვერდში, ვერ ვუღალატებ და მათთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე… და მივაღწევთ წარმატებებს“.
პარასკევს საღამოს კი ქართული ოცნების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თოფჩიშვილმა განაცხადა: „მე პატივს ვცემ და ვეთანხმები კოალიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს. მე და ჩემი მხარდამჭერები ბოლომდე ვიბრძოლებთ „ქართული ოცნების“ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებისთვის“.
კანდიდატურების მოხსნისთვის დაწესებული ვადა 5 ივნისს ამოიწურა. ამ თარიღის შემდეგ კანდიდატურის მოხსნის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადების მიუხედავად, კანდიდატი მაინც რჩება საარჩევნო ბიულეტენში, მონაწილეობს კენჭისყრაში და მის მიერ მიღებული ხმები ნამდვილია და ჯამდება.
12 ივნისს, როცა კანდიდატურების მოხსნის ვადა ამოწურული იყო და ასევე სასამართლოს გზით უკვე გადაწყვეტილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ რეგისტრაციიდან მოხსნილი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის მარნეულში კანდიდატად აღდგენის საკითხი, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავის კანდიდატს, მერაბ თოფჩიშვილს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა ურჩია, რათა, განცხადების თანახმად, ნაციონალურ მოძრაობას ვერ მოეხერხებინა „ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება“ და „დამატებით სიტუაციის ესკალაცია“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს „უპრეცედენტო“ გადაწყვეტილება, როცა მმართველი პარტიის კანდიდატი ოპოზიციის სასარგებლოდ ხსნის კანდიდატურას, იმის მიუხედავად იქნა მიღებული, რომ მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატის გამარჯვება „იყო პრაქტიკულად გარანტირებული“.
„ამ ჟესტით ჩვენ საშუალება არ მივეცით პოლიტიკურ ოპონენტებს, მე ვგულისხმობ, ნაციონალურ მოძრაობას, რომ ძალიან სახიფათო თამაში წამოეწყოთ ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში“, – განუცხადა ღარიბაშვილმა 13 ივნისს ჟურნალისტებს და დასძინა: „ჩვენ არ მივეცით საბაბი ნაციონალურ მოძრაობას ხელახალი პროვოკაცია წამოეწყო ამ რაიონში“.
კამპანიის განმავლობაში პირველად მარნეული ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნასთან დაკავშირებული დავის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში, მეორედ კი ამ საარჩევნო ოლქმა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქართული ოცნების კანდიდატის გამო მიიქცია ყურადღება.
დეპუტატმა ნაციონალურმა მოძრაობიდან ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხრიდან კანდიდატის მოხსნის მცდელობა რეალურად განპირობებული იყო იმით, რომ მათი კანდიდატი „აგებს“ არჩევნებს. „თუმცაღა განცხადებაში იმის აღნიშნვა, რომ მათ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მისცეს საშუალება იყვნენ არჩეული, ამორალურია“, – დასძინა მან.
15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე მარნეულში თოფჩიშვილთან ერთად სულ გამგებლობის ექვსი კანდიდატი იყრის კენჭს, საიდანაც ოთხი ეთნიკური აზერბაიჯანელია.
13 ივნისს მარნეულში კამპანიის შეხვედრაზე გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ, რომლის კოალიციის კანდიდატი მარნეულში რაშიდ მამედოვია, ქართული ოცნება გააკრიტიკა „გათამეშებული სცენარის“ გამო, რაც, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობას ისახავს მიზნად მარნეულში.